რუსეთის რეგიონების დაახლოებით 40%-ში პოპულარულ სამესიჯო აპლიკაციებზე, Telegram-სა და WhatsApp-ზე წვდომა შეიზღუდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Na Svyazi-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსეთში მესენჯერების არასტაბილურ მუშაობასთან დაკავშირებული საჩივრები იზრდება. 34 რეგიონში უკვე განაცხადეს, რომ დაკარგეს არა მხოლოდ ზარების განხორციელების, არამედ შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობაც", - ნათქვამია Na Svyazi-ის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სახელმწიფო კომუნიკაციების ზედამხედველმა ორგანომ, როსკომნადზორმა, ამ ორ აპლიკაციაზე აგვისტოდან უკვე შეზღუდა ხმოვანი და ვიდეო ზარები, რაც ორივე კომპანიამ გააკრიტიკა.
23 ოქტომბერს როსკომნადზორმა განაცხადა, რომ WhatsApp-სა და Telegram-ზე წვდომას "კრიმინალური საქმიანობის" გამო ზღუდავდა. მარეგულირებელი ორივე პლატფორმას "თაღლითობისა და გამოძალვაში", ასევე რუსების "საბოტაჟსა და ტერორისტულ საქმიანობაში" ჩაბმაში ადანაშაულებს. როსკომნადზორის განცხადებით, უცხოური კომპანიები რუსეთის ხელისუფლებასთან ამ დანაშაულებთან საბრძოლველად თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.
ხელისუფლებამ WhatsApp-სა და Telegram-ზე წვდომის შეზღუდვა ორშაბათიდან დაიწყო, რაც თავდაპირველად სამხრეთ რეგიონებს შეეხო. იმავე საღამოს მეორე ტალღამ 2, ხოლო სამშაბათს მესამე ტალღამ კიდევ 21 რეგიონი მოიცვა.




























