მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ბაზრის დაკეტვას პანდემიის მასშტაბის შოკი არ მოჰყვება - "ავეჯის კლასტერის" მოლოდინები

623493d1f07b8
ელენე გოგბერაშვილი
18.03.22 20:02
1585
იმ 200 დასახელების პროდუქციას შორის, რომლის ექსპორტი რუსეთის ფედერაციამ აკრძალა, შედის ხე-ტყის მასალაც, რასაც საქართველო რუსეთ-უკრაინის ომამდე ოკუპანტ სახელმწიფოში ყიდულობდა.

დაწესებული შეზღუდვების პირობებში ქართველ ავეჯის მწარმოებლებს მასალების დეფიციტი უკვე შეექმნა. სწორედ ამ მიზეზით ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მომავალი 2-3 თვის განმავლობაში ავეჯი, დაახლოებით, 20%-ით გაძვირდება. 

„გაძვირების რამდენიმე ტალღა პანდემიის პერიოდშიც იყო. ბოლო 2 წელიწადში პროდუქცია 40-50%-ით გააძვირა. ვფიქრობ, რუსეთიდან ნედლეულის აკრძალვამ შეიძლება უახლოეს 3-4 თვის პერიოდში მაქსიმუმ 20%-ით გაძვირება გამოიწვიოს.

რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან შემოსული ნედლეული ჩვენი მოხმარების 22% იყო. თურქეთიდან საერთო მოხმარების 50% შემოგვაქვს, თუმცა თურქეთშიც ხდება ფასის აწევა, რადგან ისინიც დამოკიდებული არიან რუსულ ბაზარზე. სავარაუდოდ, ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.

სხვა ალტერნატიული ბაზრები ევროპის, ბულგარეთის, რუმინეთის ბაზრებია, თუმცა იქ ფასი ოდნავ მეტია. სწორედ ამ ბაზრებზე გადართვით მოხდება პროდუქციაზე 20%-იანი ფასის ზრდა.

მიუხედავად ამისა, არ უნდა გვეშინოდეს ხარისხიანი პროდუქციის გამოშვების, რადგან ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა უფრო გაგვეზრდება. არ უნდა შეგვეშინდეს ძვირი ნედლეულის შეძენა, რადგან ის ხარისხით უკეთესი იქნება, არ უნდა ვიყოთ იაფ ბაზრებზე ორიენტირებული, რასაც თან ახლავს დაბალი ხარისხი. ვფიქრობ, ფასების ზრდა არ იქნება კატასტროფული. პანდემიის პერიოდში ფასი ისედაც 60%-მდე გაიზარდა, მაგრამ ადვილად გადაიტანა ბაზარმა“, - აცხადებს ბესიკ ვერძეული და კითხვაზე, პანდემია უფრო დიდი გამოწვევების წყაროა ბიზნესისთვის, თუ რუსეთის მხრიდან ნედლეულის ექსპორტზე შეზღუდვა, ის ასე პასუხობს:

„პანდემია იყო მძიმე, მსგავსი შოკი არ მოჰყვება რუსეთის ბაზრის დაკეტვას“.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველომ გასულ წელს 13,4 მილიონი დოლარის ხე-ტყის მასალა იყიდა, აქედან 6 მილიონი დოლარის ღირებულების 13 ათასი ტონა ხე-ტყე სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.

რუსეთის ალტერნატიულ ბაზრებად ბიზნესი დღეს თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს განიხილავს.

„ერთ-ერთი ქვეყანა, საიდანაც შემოგვქონდა ხე-ტყის ნახევარფაბრიკატები, რუსეთი და უკრაინა იყო. ეს აისახა ფასებზე, რადგან გაჩნდა პროდუქციის დეფიციტი. ნახევარფაბრიკატი არ იწარმოება საქართველოში და იძულებული ვიყავით სხვა ბაზრებიდან შემოგვეტანა. ყველაზე დიდი წილი მაინც რუსეთზე და უკრაინაზე მოდიოდა. ახლა ვეძებთ ალტერნატიულ ბაზრებს. ეს არის თურქეთი, იყო ჩინეთიც, თუმცა პანდემიის გამო აღნიშნულ ბაზარზე დეფიციტი გაჩნდა, გაიზარდა ტრანსპორტირების ღირებულება და ამ მიზეზით დავშორდით ჩინეთის ბაზარს.

ახლა ბიზნესს გათვლა ექნება ევროპის ქვეყნებზე, სადაც ხარისხი მაღალია, მაგრამ ფასიც იქნება მაღალი“, - აცხადებს ავეჯის კომპანია „ოთმას“ დამფუძნებელი ოთარ მაჭარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები