ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრის, გვანცა მელაძის აზრით, რუსეთის ბაზრის გახსნა სახელმწიფოს მხრიდან შეცდომა იყო. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში “წერტილი” ისაუბრა.
მისივე თქმით, დარგის ნებისმიერ ბაზარზე კონცენტრაცია არის ძალიან საშიში, რისი შედეგებიც ქვეყანამ ბევრჯერ იწვნია.
ის ხაზს უსვამს, რომ 2012-13 წლებში, როდესაც რუსეთის ბაზარი გაიხსნა, კერძო სექტორი იმდენად დახარბდა ამ ბაზარს, რომ მისი წილი 2%-დან 10%-მდე გაიზარდა.
“დაახლოებით, $700 მილიონის პროდუქციას ვყიდით რუსეთში, საიდანაც $600 მლნ -ის არის სურსათი და მათ შორის სასმელები, ღვინო. ნებისმიერი ბაზარი რომ იყოს, ერთ ბაზარზე დარგის ასეთი კონცენტრირება არის ძალიან საშიში. ჩვენ ბევრჯერ ვიწვნიეთ უკვე ამის შედეგი.
მე ვთვლი, რომ რუსეთის ბაზრის გახსნა [სახელმწიფოს] შეცდომა იყო იმიტომ, რომ 2012 წელს, 2006 წლის ემბარგოს შემდეგ ანგარიში გასწორებული გვქონდა და ჩვენი ღვინო 46 ქვეყანაში იყიდებოდა. კრიზისიდან უკვე ამოსულები ვიყავით და სერიოზული დივერსიფიცირება მიმდინარეობდა“, - ამბობს მელაძე.
მელაძე ასევე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ ყურძნის სუბსიდირება არასწორია და უმჯობესია, რესურსი, რომელიც ყურძნის ყოველწლიურ სუბსიდირებაზე იხარჯება, უფრო სტაბილურ ბაზრებზე გასვლას და ამაზე მუშაობას მოხმარდეს.
გარდა ამისა, ის ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს თანამედროვე ბიზნესში არსებობს, განსაკუთრებით კორპორაციული მმართველობის და პროფესიონალიზმის სფეროში. მისი აზრით, დარგის ბაზრების დივერსიფიცირება კომპეტენტური მენეჯერების და პროფესიონალების დახმარებით არის შესაძლებელი, რომელიც რუსეთზე კონცენტრირებული ბიზნესების შემთხვევაში გამოწვევაა და ასევე დარჩება.
„ასეთი მსხვილი ბიზნესის პრობლემა არის კორპორაციულ მმართველობაში. იმაში, რომ დელეგირებას ვერ ახდენს პროფესიონალებზე და მმართველი რგოლი არ არის იმდენად კომპეტენტური, არ ფლობს ენას და სადაც კულტურულად უფრო აფილირებულად გრძნობს თავს, იმ მხარეს იხედება. არ ქირაობს პროფესიონალებს, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინოს. ზოგი ბიზნესი აკეთებს ამას, მაგრამ ცოტაა ასეთი ბაზრები. კიდევ უფრო ცოტაა იმ ბიზნესების წილი, რომლებიც მორალური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პროდუქცია რუსეთის ბაზარზე არ გააქვთ. ასეთი ბიზნესები ძირითადად ახალგაზრდა სეგმენტია“,- აცხადებს ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი.