პირველმა საკონტეინერო გემმა, რომელიც უკრაინის ოდესის პორტში ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იყო გაჩერებული, ტერიტორია დატოვა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობა იტყობინება.
საუბარია ჰონკონგის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე, რომელიც ოდესის პორტში 2022 წლის 23 თებერვლის შემდეგ იყო გაჩერებული. გემი სტამბოლისკენ გაემგზავრა. მას 2114 კონტეინერით გადააქვს ტვირთი.
როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, იმისათვის, რომ პორტში მდებარე კომერციულ გემებს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შეიქმნა „დროებითი ჰუმანიტარული კორიდორი“. უკრაინული მხარის განცხადებით, შექმნილი კორიდორი დაეხმარება ოდესის, ჩორნომორსკის და პივდენიის პორტებიდან გემების ევაკუაციის პროცესსაც.
ცნობისთვის, გასული წლის ივლისში, სასურსათო კრიზისის დაძლევის მიზნით და მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინამ და რუსეთმა სტამბოლში თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ შეთანხმებები გააფორმეს, ვინაიდან ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა. ვადის გაგრძელების სანაცვლოდ, ახლა რუსეთი ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას და Россельхозбанк-ის საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას ითხოვს.