მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის დარტყმის შედეგად "ხორტიცას" ალკოჰოლური ქარხანა განადგურდა

ხორტიცა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში მდებარე Global Spirits-ის შემადგენლობაში შემავალი "ხორტიცას" არყისა და ლიქიორის ქარხანა სრულად განადგურდა. როგორც ცნობილია, ობიექტზე ოთხი დარტყმა განხორციელდა, რამაც საწარმოში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ცეცხლი სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიამ თავდასხმის შედეგად 3-დან 4 მილიონამდე ბოთლი მზა პროდუქცია დაკარგა, რომელზედაც აქციზის გადასახადი უკვე გადახდილი იყო. პროდუქციის ნაწილი სრულად დაიწვა, ხოლო დარჩენილი მარაგები გადნა.

Global Spirits-ის წარმომადგენელთა განმარტებით, თითოეული ბოთლის საშუალო ღირებულება დაახლოებით 100 გრივნას შეადგენდა, თუმცა მიყენებული ზარალის საბოლოო ჯამურ ოდენობას კომპანიაში ჯერჯერობით არ ასახელებენ.

საყურადღებოა, რომ ჰოლდინგი ზარალის ანაზღაურებას სასამართლო წესით, უშუალოდ რუსეთის ფედერაციისგან ითხოვს. კერძოდ, კიევის სამეურნეო სასამართლომ 2026 წლის იანვარში კომპანიის სარჩელი განიხილა, რომელიც 2025 წლის ივნისში კიევის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის გამო 20.2 მილიონი გრივნის კომპენსაციას ეხებოდა. სასამართლო გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას კომპანიის სასარგებლოდ 837 000 გრივნის გადახდა დაეკისრა.

ცნობისთვის, Global Spirits-ის პორტფელი არყის, კონიაკისა და ღვინის ბრენდებს აერთიანებს, რომელთა ექსპორტი 87-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. ჰოლდინგი უკრაინაში ორ მსხვილ საწარმოს, "ხორტიცას" ქარხანასა და "ოდესის" კონიაკის ქარხანას ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები