რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა 0.6% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება როგორც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.
შედარებისთვის, წინა კვარტალში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 1.1% იყო, თუმცა მესამე კვარტალი რუსეთის ეკონომიკისათვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რაც ახალი სანქციების, შეზღუდული ექსპორტით და მკაცრი მონეტარული პოლიტიკით არის განპირობებული.
არასახარბიელო შედეგების დაფიქსირების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა. IMF-ის მოლოდინით, წელს რუსეთის ეკონომიკა 0.6%-ით გაიზრდება, ნაცვლად აქამდე პროგნოზირებული 0.9 პროცენტისა.
2026 წელს IMF-ში მოელიან, რომ რუსეთის ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 1.1%-ის ფარგლებში იქნება, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია.
IMF-ის შეფასებით, სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტის რეკორდული ზრდა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციები და იზოლაცია რუსეთის ეკონომიკურ პერსპექტივას აუარესებს, რაც ზრდის ტემპს ამცირებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზი გააუარესა თავად კრემლმაც.
























