მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის იერიშებს წუხელ კიევსა და მის შემოგარენში 8 ადამიანი ემსხვერპლა

კიევი

რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულმა სარაკეტო იერიშებმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და მის შემოგარენში სულ მცირე რვა ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, „მასშტაბური თავდასხმის“ სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები და საწყობები გახდა. თავდასხმების შედეგად დაშავდა 33 ადამიანი.

დანგრეული შენობების ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე ორი ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ღამით განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა ბავშვთა საავადმყოფოც. შენობას ფანჯრები ჩაემსხვრა, მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. რაკეტა ასევე მოხვდა სამრეწველო ობიექტს კიევის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სოლომიანსკის რაიონში.

კიევის ოლქის გუბერნატორმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ბროვარის რაიონში თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. რეგიონის ადმინისტრაციამ მოსახლეობას ღამით თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის ოპერაციები იყო მოსალოდნელი. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობების მიხედვით, მთელი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გამოცხადდა სარაკეტო განგაში.

თავდასხმებმა კიევის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეაფერხა. ათასობით საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტს ელექტროენერგია გაეთიშა. დაზიანებული ელექტროგადამცემი ქსელების აღსადგენად ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ კიევზე თავდასხმების ფონზე უსაფრთხოების ზომები უკრაინის მეზობელ ქვეყნებშიც გააქტიურდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთმა დრონმა უკრაინის საზღვრიდან რუმინეთის საჰაერო სივრცეში გადაკვეთა. უწყების ცნობით, დრონი ქალაქ გალაციდან დაახლოებით 13 კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა და მცირე ხანძარი გამოიწვია, რომელიც მალევე ჩააქრეს.

პოლონეთის სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დასაცავად „თავდაცვითი საჰაერო ოპერაციები“ დაიწყეს. ცნობისთვის, პოლონეთს უკრაინასთან სამხრეთ-აღმოსავლეთით საერთო საზღვარი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები