რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ელვირა ნაბიულინას განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში რეცესია არ იქნება, თუმცა ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდება.
როგორც ნაბიულინა განმარტავს, რუსეთის ცენტრალური ბანკი 2025 წელს 1%-ზე ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც უწყება წლის დასაწყისში პროგნოზირებდა.
ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებით, მზარდი ინფლაციით და მკაცრი მონეტარული პოლიტიკით არის განპირობებული, რადგან ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული 16.5%-იანი რეფინანსირების განაკვეთი ბიზნესს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
ნაბიულინას თქმით, პროგნოზი გაუარესებულია 2026 წელთან მიმართებითაც და ის 0.5-1%-ის ფარგლებშია, რაც წინა პროგნოზთან შედარებით განახევრებული მაჩვენებელია. როგორც ქვეყნის მთავარი ბანკირი აღნიშნავს, მომავალ წელს რეცესიის რისკი საკმაოდ მაღალი იქნება, ამიტომ მთავრობამ ყველა ზომას უნდა მიმართოს ეკონომიკური აქტივობის წასახალისებლად.




























