რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი ქვეყნის ხელისუფლებას ეკონომიკური კოლაფსის შესახებ აფრთხილებს და ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვს.
გენადი ზიუგანოვის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ კრემლი ეკონომიკურ პოლიტიკას არ შეცვლის, რუსეთს შემოდგომაზე 1917 წლის რევოლუციის მსგავსი სოციალური აფეთქება ელოდება.
პარტიის ლიდერმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მონაკოში მცხოვრები ბლოგერების კითხვებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე სისტემურ პრობლემებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სტრატეგიას მხარს უჭერენ, დაღესტანსა და ჩეჩნეთში არსებულ კრიზისულ ვითარებაზე რეაგირება დაგვიანებულია. ზიუგანოვის შეფასებით, მმართველი გუნდი ოპოზიციის გაფრთხილებებს უგულებელყოფს, რაც ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
"ათჯერ გითხარით, რომ ეკონომიკა აუცილებლად ჩამოიშლება. მთელი პირველი კვარტალი ფსკერზე დაეშვა. თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ ფინანსურ, ეკონომიკურ და სხვა ზომებს, მაშინ შემოდგომისთვის ის გველოდება, რაც 1917 წელს მოხდა და ეს არ მინდა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამის განმეორება დავუშვათ". - აცხადებს კომუნისტი ლიდერი.
აღსანიშნავია, რომ გენადი ზიუგანოვი 1993 წლიდან რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას ხელმძღვანელობს და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფიგურაა. მას არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რადიკალური პროგნოზები რუსეთში მოსალოდნელი სოციალური და ეკონომიკური რყევების შესახებ. კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, ზიუგანოვი რუსეთის მმართველი პარტიის სატელიტს წარმოადგენს და ის რეალურ ოპოზიციად არ უნდა იქნეს განხილული.




























