მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მიერ ავიაემბარგოს მოხსნით მთავრობა ტურიზმში წელს $300-400 მლნ-ით მეტ შემოსავალს ელის

646219248d4a3
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.23 15:44
560
საქართველოს მთავრობა ავიაემბარგოს მოხსნის გავლენით ტურიზმში წელს 300-400 მლნ დოლარით მეტ შემოსავალს ელის. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით ეკონომიკურ შედეგებს შეეხებოდა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება ყველა მიმართულებით ეკონომიკურ განვითარებასა და სიძლიერეზე გადის. „ჩვენ ამ შემთხვევაში პრაგმატულები ვართ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. BM.GE მინისტრს ჩაეკითხა - იქნებოდა თუ არა უარის თქმა არაპრაგმატული, რაზეც დავითაშვილმა უპასუხა „რა თქმა უნდა“. ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ისიც თქვა, რომ ქვეყნისთვის ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირებასთან ერთად, ტრადიციული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების აღდგენაც მნიშვნელოვანია.

„ტურიზმის ნაწილში, წლის განმავლობაში, ჩვენ 300-400 მლნ დოლარის ეფექტს ველოდებით, რასაც ფრენების ეფექტი შეიძლება დავარქვათ. ჯამში იცით, რომ 2019 წელს რუსეთის ფედერაციიდან შემოსავალი ტურიზმში 1 მლრდ დოლარამდე იყო. ტურიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ყველაზე ინკლუზიური მიმართულებაა, რომელიც ძალიან ბევრ დარგს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სტატისტიკა საკმაოდ კარგია შარშან 3.5 მლრდ დოლარი გვქონდა, რაც 2019 წლის მონაცემებს აღემატებოდა, ძალიან ბევრი ტურისტული ობიექტი და გესთჰაუსი ჯერ კიდევ დაუსაქმებელია. ძალიან ბევრისთვის ის მაკროაღდგენა არ იყო ისეთი მგრძნობიარე.

ჩვენთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ ბაზარზე დამოკიდებულება ჩვენი ამოცანა არ არის. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაჩვენეთ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ახალი ბაზრებიდან ნაკადების შემოყვანა კარგი ორგანიზებით, მაგრამ ტრადიციული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების აღდგენა მნიშვნელოვანია როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანი ... ამაზე სულ საუბარია, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარი ჯერ ვერ აღვადგინეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. აღნიშნული ემბარგო 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ იყო დაწესებული, რის გამოც, რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების (ძირითადად სომხეთის) გავლით ხორციელდებოდა.

ავიაემბარგოს გაუქმების გადაწყვეტილების თანახმად, პირდაპირი ფრენების ნებართვა 15 მაისიდან გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები