შალვა პაპუაშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებას გამოეხმაურა. პაპუაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ მკვლელობის სურათი „გაშიფრა“, ბრალდებულის გადმოცემას მისი მოქალაქეობის საკითხი აფერხებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს და ამჟამად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.
„მნიშვნელოვანია, ყველა ბრალდებული დაკავებული იყოს. რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ადგილას იმალება. ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში. რამდენადაც ვიცით, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს“, – აღნიშნა მან.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა უმძიმესი შემთხვევა იყო, რადგან საქმე შეკვეთილ დანაშაულს ეხება, რომელიც თბილისის ცენტრში მოხდა.
„მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს. რთული საგამოძიებო პროცესი იყო. ვხედავდით, რომ სხვადასხვა ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის დადასტურდა, რომ მკვლელობის ორგანიზატორი ქვეყნის გარეთ იმყოფება. ხდებოდა ხელის დაფარება ერთმანეთის მიმართ, აღმსრულებლები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ, არ იძლეოდნენ ჩვენებებს. საბოლოოდ, გამოძიებამ სრული სურათი გაშიფრა ვნახეთ, ვინ იყო ორგანიზატორი, ვინ შემსრულებელი და რა იყო მოტივი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს კანონის წინაშე.
ცნობისთვის, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
შეგახსენებთ, 2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან (FSB) და გავლენას ახდენდა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.
ამავე პერიოდში საჯარო რეესტრის მონაცემებით დადასტურდა, რომ ოთარ ფარცხალაძეს მიღებული ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. საქართველოს კანონმდებლობით კი, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება (სპეციალური ნებართვის გარეშე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია.
მაშინ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეისწავლა ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხი და დაასკვნა, რომ ვინაიდან მან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, მას საქართველოს მოქალაქეობა უნდა შეწყვეტოდა. შესაბამისი დასკვნა სამინისტრომ პრეზიდენტს გადაუგზავნა.
თავდაპირველად, 2023 წლის სექტემბერში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე.
პრეზიდენტის არგუმენტი: ზურაბიშვილი მიიჩნევდა, რომ თუ ფარცხალაძე მხოლოდ რუსეთის მოქალაქე გახდებოდა, მისი საქართველოში გასამართლება და დასჯა (მაშინდელი ჯაშუშობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში) უფრო გართულდებოდა. პრეზიდენტს სურდა, ფარცხალაძეს შენარჩუნებოდა საქართველოს მოქალაქის სტატუსი, რათა ქართულ მართლმსაჯულებას მის მიმართ მეტი ბერკეტი ჰქონოდა.
მიუხედავად თავდაპირველი პოზიციისა, 2023 წლის 17 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ფარცხალაძე ოფიციალურად დარჩა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ, რასაც დღეს შალვა პაპუაშვილი ექსტრადიციის პროცესის მთავარ შემაფერხებელ გარემოებად ასახელებს.




























