რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვა 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა - ამის შესახებ ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
ამკრძალავი ზომა მარტიდან 31 აგვისტომდე იყო შემოღებული, მაგრამ მაის-ივლისში ღონისძიება შეჩერდა საწვავის ბაზრის გაჯერების გამო.
„2024 წლის პირველი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რუსეთში კვლავ იმოქმედებს ბენზინის ექსპორტის დროებითი შეზღუდვა. ამის მთავარი მიზეზია, შენარჩუნდეს სტაბილური მდგომარეობა სანავთობო ბაზარზე მაღალი სეზონური მოთხოვნისა და ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებში გეგმური რემონტის პერიოდში.
შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით, მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის ექსპორტირებული საწვავის მიწოდებაზე, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავზე - წერია მთავრობის მიერ ტელეგრამზე გავრცელებულ შეტყობინებაში.
მანამდე ბენზინის ექსპორტის აკრძალვა იგივე წესებით 2023 წლის 21 სექტემბრიდან 2023 წლის 17 ნოემბრამდე მოქმედებდა.
როგორც ცნობილია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთზე.
შეგახსენებთ, რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მთავარი მომწოდებელია - შარშან ქვეყანამ შემოტანილ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა.
2023 წელს საქართველომ რუსეთისგან 552.1 მლნ აშშ დოლარის ნავთობპროდუქტები იყიდა. მიმდინარე წლის 5 თვეში კი, 210.8 მლნ აშშ დოლარის.