მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა - რომელ ქვეყნებზე გადაერთო ბაზარი?

რუსეთი

წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა. ამ პერიოდში საქართველომ 513 მლნ 906 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 28.5%-ით აღემატება.

ოფიციალურად ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა ქვეყნის უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში 8.3%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოში კი ჯამში 57 035 ტონა საქონელი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის საიმპორტო მოცულობებს თითქმის სამჯერ აღემატება.

მას შემდეგ რაც მარტიდან რუსეთმა ბენზინის ექსპორტი დროებით აკრძალა, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ბაზარი ამ კონკრეტული ტიპის საწვავის ნაწილში სხვა ქვეყნებზე გადაეწყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთი კვლავ პირველ ადგილს იკავებს, თუმცა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 5 თვის ჭრილში 20%-ით არის შემცირებული. ვითარების გათვალისწინებით, ამ დასახელების საქონლის იმპორტი ყველაზე შესამჩნევად ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბელარუსიდან გააქტიურდა.

TOP-10 საიმპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

  1. რუსეთი - $210.8 მლნ, 274 575 ტონა;
  2. ბულგარეთი - $68.9 მლნ, 74 978 ტონა;
  3. რუმინეთი - $53 მლნ, 61 876 ტონა;
  4. აზერბაიჯანი - $41.8 მლნ, 51 543 ტონა;
  5. საბერძნეთი - $30.1 მლნ, 30 206 ტონა;
  6. ბელარუსი - $26.9 მლნ, 27 384 ტონა;
  7. თურქმენეთი - $25.1 მლნ, 29 437 ტონა;
  8. თურქეთი - $14 მლნ, 10 040 ტონა;
  9. უზბეკეთი - $13.5 მლნ, 23 759 ტონა;
  10. კვიპროსი - $6.6 მლნ, 6 298 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი შედარებით მცირე მოცულობებით გერმანიიდან, ლიბიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ირანიდან, ბელგიიდან, კორეის რესპუბლიკიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მოხდა.

ცნობისთვის, 1-ელი მარტიდან რუსეთმა ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალა. შეზღუდვა არ ეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, მონღოლეთსა და უზბეკეთს. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს. აკრძალვის მიზეზად გაზაფხულსა და ზაფხულში საწვავზე მოთხოვნის ზრდის დარეგულირება სახელდება. კრემლის განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი ფერმერების მოთხოვნაა, ხვნა-თესვის სამუშაოების დროს არ გაიზარდოს ნავთობპროდუქტების ფასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები