რუსეთის სახელმწიფო რკინიგზა (РЖД), რომელიც ქვეყნის ლოგისტიკური ხერხემალია, უმძიმესი ფინანსური კრიზისის წინაშეა. ეს გიგანტური სახელმწიფო კორპორაცია, რომელიც დსთ-ში ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანსპორტო ქსელს აკონტროლებს, დღეს დასავლური სანქციებისა და საომარი მდგომარეობით გამოწვეული ლოგისტიკური ქაოსის გამო დასუსტებულია.
პრობლემების სათავე რამდენიმე ფაქტორია, თუმცა ყველაზე მწვავე მაინც ტექნოლოგიური იზოლაციაა. რუსული მატარებლები, განსაკუთრებით კი მაღალსიჩქარიანი და თანამედროვე სატვირთო შემადგენლობები, მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი დასავლურ კომპონენტებზე, როგორებიცაა: მაღალი ხარისხის საკისრები და ელექტრონიკა. მას შემდეგ, რაც წამყვანმა გერმანულმა და ამერიკულმა კომპანიებმა რუსული ბაზარი დატოვეს, რკინიგზაში გაჩნდა დეფიციტი, რაც პირდაპირ აისახება მოძრავი შემადგენლობის ცვეთასა და ავარიულობის ზრდაზე.
ეკონომიკური თვალსაზრისით, კომპანიას უზარმაზარი ფინანსური ტვირთი აწევს. დასავლური ბაზრების დაკეტვამ რუსეთს აიძულა, მთელი თავისი ექსპორტი, ნავთობი და ჩინეთისა და ინდოეთისკენ მიემართა. თუმცა, არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ამ მასშტაბის გადაზიდვებისთვის მზად არ აღმოჩნდა.
გარდა ამისა, ომის გამო, რკინიგზა იძულებულია პრიორიტეტი სამხედრო გადაზიდვებს მიანიჭოს. ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალისა და საჯარისო შემადგენლობის მუდმივი გადაადგილება ფრონტის ხაზისკენ სამოქალაქო და კომერციულ რეისებს მუდმივად აფერხებს, რაც რკინიგზის შემოსავლებს ამცირებს.
ფინანსურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ კომპანიას წვდომა აღარ აქვს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, საიდანაც ადრე იაფ კრედიტებს იღებდა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის. ახლა რუსეთის სახელმწიფო რკინიგზა მთლიანად სახელმწიფო სუბსიდიებზეა დამოკიდებული, რაც ბიუჯეტისთვისაც მძიმე ტვირთია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი სამხედრო ხარჯებისკენ არის მიმართული და თავად ბიუჯეტი რეკორდულ დეფიტიზეა გასული.
საბოლოო ჯამში, რუსეთის სარკინიგზო გიგანტი იმ სისტემური პრობლემების წინაშე დგას, რომელთა მოგვარებაც მოკლევადიან პერსპექტივაში თითქმის შეუძლებელია. როგორც დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ამბობენ, კომპანია ფინანსურად სრულადაა დამოკიდებული კრემლზე, რომლის გარეშეც, ის ფაქტობრივად მყისიერად გაკოტრდება.




























