რუსეთის სახელმწიფო რკინიგზამ (РЖД) წარმატებით დაასრულა ჩინურ იუანში დენომინირებული სადებიუტო ობლიგაციების ემისია. გარიგების დეტალების თანახმად, რუსეთის რკინიგზამ ჯამში 4 მილიარდი იუანის ღირებულების ფასიანი ქაღალდები განათავსა, რაც $550 მილიონის ეკვივალენტია.
ობლიგაციების დაფარვის ვადა 3 წელი და 7 თვეა, რაც სანქცირებული კომპანიისთვის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო, კუპონის საპროცენტო განაკვეთმა 8%-დან 7.60%-მდე შეადგინა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა კომპანიამ საერთაშორისო სანქციების ფონზე, ფინანსური რესურსების მოსაზიდად ჩინურ ვალუტას მიმართა, რაც მოსკოვისა და პეკინის მზარდი ფინანსური ინტეგრაციის კიდევ ერთი დასტურია.
ემისიის ორგანიზატორებს შორის იყვნენ წამყვანი რუსული ბანკები: Gazprombank, Alfa-Bank, VTB და Sovcombank. აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთის რკინიგზა ჭარბი ვალდებულებებით დატვირთული, ზარალზე მყოფი კომპანიაა, რომელსაც საქმიანობის გასაგრძელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიების მიღება და ობლიგაციებით კაპიტალის მოზიდვა სჭირდება.
ცნობისთვის, რუსეთის რკინიგზაში ფინანსური კრიზისი უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეულმა სანქციებმა და სავაჭრო ნაკადების იძულებითმა გადაწყობამ განაპირობა. გადარჩენის მიზნით, რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიას მოსკოვის ბიზნეს ცენტრში, Moscow City-ის ტერიტორიაზე მდებარე 62-სართულიანი ცათამბჯენის, Moscow Towers-ის გაყიდვა დაავალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კომპანიის ვალდებულებების ნაწილობრივ დაფარვას, რომელმაც რეკორდულ მაჩვენებელს, 50 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ცათამბჯენის გაყიდვის გარდა, რუსეთის ხელისუფლება სხვა ანტიკრიზისულ ზომებსაც განიხილავს, მათ შორის ვალების აქციებად კონვერტაციას და სახელმწიფო სუბსიდიების გაზრდას, თუმცა საბანკო სექტორი ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებს, რადგან კომპანია გაკოტრების ზღვარზეა და ის ზედმეტად მაღალი რისკის მატარებელია.




























