რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავს. მათი ცნობით, მიზეზი შვებულებების სეზონის დასასრულია.
როგორც რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის (ФТС) პრესსამსახურმა განაცხადა, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, სამგზავრო ნაკადის მატება უშუალოდ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ფიქსირდება.
უწყების მონაცემებით, დღე-ღამეში საზღვარი ორივე მიმართულებით 16 ათასზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა:"რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიმართულებით გადაადგილდა თითქმის 8,5 ათასი ადამიანი, ხოლო გასვლის მიმართულებით 7,5 ათასზე მეტი".
ცნობისთვის: 18 აგვისტოს რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ დღე-ღამეში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა და რომ „მსგავსი დინამიკა“ უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება — 15 და 16 აგვისტოს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ყოველდღიურად 19 ათასზე მეტი ადამიანი გადიოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში საბაჟო პუნქტ ლარსზე მგზავრთბრუნვა იყო არა 20 ათასი, არამედ – 16 286.

























