გერმანიის სადაზვერვო სამსახური კრემლს უკრაინაში მიმდინარე ომის რეალური ეკონომიკური ფასის დამალვაში ადანაშაულებს. უწყების მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, რუსეთის 2025 წლის ბიუჯეტის დეფიციტი რეალურად 2.36 ტრილიონი რუბლით, დაახლოებით $30.5 მილიარდით მეტია, ვიდრე ამას ოფიციალური კრემლი აცხადებს.
თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ რუსეთის დეფიციტი $102.6 მილიარდს უნდა აღწევდეს და არც ოფიციალურად გაცხადებულ $72.1 მილიარდს.
გერმანიის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შელამაზებული სურათი მიაწოდოს, რადგან რეალური ვითარება გაცილებით უარესია.
სადაზვერვო სამსახურის განმარტებით, დასავლურ სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე აშკარა და მზარდი გავლენა აქვთ. ამას ემატება გლობალურ ბაზარზე ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ვარდნა, რამაც მოსკოვისთვის ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეამცირა. შემოსავლების კლებისა და სამხედრო ხარჯების ზრდის ფონზე, ბიუჯეტზე ზეწოლა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რასაც ოფიციალური სტატისტიკა საგულდაგულოდ ნიღბავს.
აღნიშნული ინფორმაცია კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ რუსეთის ეკონომიკური სტაბილურობის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების შეფასებით, არც ინფლაციის ოფიციალური სტატისტიკა ასახავს რეალობას და არც მშპ-ის მაჩვენებლები, თუმცა ამ ყველაფრის დამტკიცება დამოუკიდებელი წყაროების მეშვეობით ფაქტობრივად შეუძლებელია.




























