მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის სახელმწიფო რკინიგზა ცათამბჯენს და შვილობილ კომპანიას ყიდის

moscow

რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიას (РЖД) მოსკოვის ბიზნეს ცენტრში, Moscow City-ის ტერიტორიაზე მდებარე 62-სართულიანი ცათამბჯენის, Moscow Towers-ის გაყიდვა დაავალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კომპანიის ვალდებულებების ნაწილობრივ დაფარვას, რომელმაც რეკორდულ მაჩვენებელს, 50 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, ცათამბჯენი კომპანიამ სულ რაღაც ორი წლის წინ შეიძინა და თავდაპირველი გეგმით, იქ ცენტრალური ოფისი უნდა გადაეტანათ. მთავრობის განკარგულებით, რკინიგზამ ობიექტი იმაზე ნაკლებ ფასად არ უნდა გაყიდოს, ვიდრე მის შესასყიდად გადაიხადა, რაც დაახლოებით 2.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ კომპანია ამ ფასად აქტივის გასხვისებას ვერ მოახერხებს.

ცათამბჯენის გაყიდვის გარდა, რუსეთის ხელისუფლება სხვა ანტიკრიზისულ ზომებსაც განიხილავს, მათ შორის ვალების აქციებად კონვერტაციას და სახელმწიფო სუბსიდიების გაზრდას, თუმცა საბანკო სექტორი ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებს, რადგან კომპანია გაკოტრების ზღვარზეა და ის ზედმეტად მაღალი რისკის მატარებელია.

ამ ყველაფერთან ერთად, რუსეთის რკინიგზა კიდევ ერთ მსხვილ აქტივს, სიდიდით მეორე სარკინიგზო ოპერატორის, „ფედერალური სატვირთო კომპანიის“ 49%-იან წილს ყიდის, რომელიც ასევე ვალდებულებებით დატვირთული შვილობილი კომპანიაა.

ცნობისთვის, რუსეთის რკინიგზაში ფინანსური კრიზისი უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეულმა სანქციებმა და სავაჭრო ნაკადების იძულებითმა გადაწყობამ განაპირობა. კომპანია ამჟამად ზარალზეა და ის გაკოტრების ზღვარზე იმყოფება, ამიტომ აქტივების ლიკვიდაცია მისი გადარჩენისთვის ერთადერთ ლოგიკურ გზად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები