მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი მოულოდნელად, 15.5%-მდე შეამცირა

რუსეთის ცენტრალური ბანკი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის მოულოდნელად შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ირკვევა, პარასკევს გამართულ სხდომაზე ბორდმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 15.5%-მდე შეამცირა, რაც განპირობებული იყო იანვრის თვის ინფლაციის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლებით. ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ დეფლაციის პროცესი ქვეყანაში უპრობლემოდ გრძელდება და ის მომავალ თვეებშიც გაგრძელდება. შესაბამისად, არსებობს წინაპირობა, რათა მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო შესუსტდეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ცვლილებას ანალიტიკოსები არ მოელოდნენ და მიაჩნდათ, რომ საპროცენტო განაკვეთი 16%-ზე შენარჩუნდებოდა, რადგან იანვრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი დროებით მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ცენტრალურ ბანკში ეს საგანგაშოდ არ აღიქვეს. ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკა რუსეთში ამდენად შემსუბუქებული 2024 წლის ზაფხულის შემდეგ აღარ ყოფილა. აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი უკვე ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს. ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში პროგნოზირებენ, რომ წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთს 13.5%-14.5%-მდე შეამცირებენ, რადგან მათი გათვლებით, წლიური ინფლაციის დონე 2025 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ 5.6%-იან ნიშნულს აღარ ასცდება და წლის ბოლომდე 4.4%-დან 5.5%-მდე შუალედში ჩამოვა. 2027 წლის ბოლომდე კი 4%-იან სამიზნე ნიშნულამდეც მივა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები