კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს და წერს, საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია.
„კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება:
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა ინახავს საქართველოს ისტორიის უაღრესად ობიექტურ და უტყუარ ცნობებს. საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულტურისკენ.
ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ეფრემ მცირის, მთაწმინდელების, არსენ იყალთოელისა თუ სულხან-საბას ნააზრევი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჩვენი ევროპული აზროვნების მასაზრდოებელი იყო; ასევე, ცენტრის კოლექციები ინახავს რუსეთის იმპერიასთან სხვადასხვა ფორმით მებრძოლი, ევროპულად მოაზროვნე დიდი ქართველი მოღვაწეების: ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას და სხვათა პირად არქივებს, რომელთა დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გამორჩეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მივიჩნევთ, რომ:
საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია.
დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა!
ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას”,- წერია განცხადებაში, რომელსაც ამ მომენტისთვის 40-მდე ხელმომწერი ჰყავს, თუმცა მათი რიცხვი მზარდია.
საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.




























