მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ხელისუფლება იმპორტირებულ ღვინოზე ბაჟის შესაძლო გაზრდას განიხილავს

64b7a6d637ab4
გიორგი არონია
19.07.23 13:10
715
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება იმპორტირებულ ღვინოზე ბაჟის გაზრდას განიხილავს, რაც ფინანსთა სამინისტროს აზრით, ღვინის ადგილობრივ ბაზარზე ფასებს დაასტაბილურებს. გაიზრდება თუ არა ბაჟი, რომელიც დღეს 12.5%-ს შეადგენს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი. როგორც რუსეთის ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რუსული ღვინის მწარმოებლებს ქვეყანაში ე.წ. “არამეგობრული” ქვეყნებიდან ღვინის იმპორტის აკრძალვა სურდათ, მაგრამ ამას სამინისტრო არ განიხილავს.

იმპორტირებულ ღვინოზე ბაჟის გაზრდას ეწინააღმდეგებიან ღვინის იმპორტიორი კომპანიები, რომლებმაც ამ თემაზე ქვეყნის ხელისუფლებასაც მიმართეს. გამოცემა “კომერსანტის” ინფორმაციით, ბაჟის ზრდას რუსეთის ხელისუფლება გასულ წელს შექმნილ ვითარებას უკავშირდება, როცა რუსული რუბლის მყარი გაცვლითი კურსის გამო, ბაზარზე ღვინის ჭარბი მიწოდება გაჩნდა.

იმპორტიორებთან ერთად, საიმპორტო ბაჟის გაზრდა არ სურთ ალკოჰოლის დისტრიბუტორებსაც, რომელთა აზრით, ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ღვინოს გააძვირებს. საპირწონედ ამისა, დისტრიბუტორები ქართულ ღვინოზე არსებული ნულოვანი ბაჟის პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ - ამ საკითხთან დაკავშირებით, კომპანიებმა ქვეყნის ხელისუფლებასაც მიმართეს. როგორც მიმართვაში ვკითხულობთ, ნულოვანი ბაჟის გამო, რუსეთში ღვინის მთავარი იმპორტიორი სწორედ საქართველო გახდა, ხოლო ქართული ღვინო, რუსული ღვინის მთავარ კონკურენტად ითვლება. დისტრიბუტორები ამბობენ, რომ თუ ქართული ღვინის საიმპორტო ბაჟი 12.5%-მდე გაიზრდება, ბაზარი დარეგულირდება.

კომერსანტის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში რუსეთში ღვინის იმპორტი 44%-ით გაიზარდა, ხოლო წილობრივად, იმპორტში ყველაზე დიდი წილი, კერძოდ კი 19.1% სწორედ საქართველომ დაიკავა. საქართველოსთან ერთად, რუსეთში დიდი მოცულობით ღვინო იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან შედის. საქართველოდან რუსეთში ცქრიალა ღვინოც შედის, მაგრამ ამ მხრივ ლიდერი - იტალიაა.

როგორც რუსეთის მევენახეებისა და მეღვინეების ასოციაციაში ვარაუდობენ, სხვადასხვა ჯიშის ღვინის ფასი იმპორტულ ღვინოს საშუალოდ 10%-ით გააძვირებს, რადგან საბაჟო გადასახადზე ღვინის ფასის 7-დან 13%-მდე მოდის. ორგანიზაციის შეფასებით, ფასების 10%-იანი ზრდა ქვეყანაში ღვინის იმპორტს არ შეაფერხებს და ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნება. წელს, რუსეთში ყურძნის უხვ მოსავალს ელოდებიან, როგორც ყურძნის რაოდენობის, ასევე მისგან დამზადებული ღვინის კუთხით. ამგვარად, როგორც მევენახეებისა და მეღვინეების ასოციაციაში ამბობენ, თუ საჭირო გახდა, ბიუჯეტურ და საშუალო სეგმენტში, იმპორტირებულ ღვინოს ადგილობრივი მწარმოებლები ჩაანაცვლებენ.

რუსეთის ბაზარი მთავარ საექსპორტო მიმართულებად რჩება ქართველი მეღვინეებისთვისაც. 2023 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან ექსპორტზე, ჯამში, $126 მილიონის ღვინო გავიდა, რომლის თითქმის 65%, ანუ $81 მილიონი სწორედ რუსეთზე მოდის. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, რუსეთში 26%-ით მეტი ღვინო გავიდა, ვიდრე შარშან, ხოლო 2021 წელთან შედარებით, ზრდა 20%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები