მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ღვინისთვის რუსული ბაზარი არასტაბილურობასთან ერთად რეპუტაციული ზიანის მომტანია" - "ფაფრის ველი"

ქართული ღვინო რუსეთში

2023 წელს საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილმა არასრული 10% შეადგინა. გასულ წელს, საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე 257.7 მლნ აშშ დოლარის ღვინო გაყიდა, რაც 2022 წლის მონაცემზე მცირედით, 2.4%-ით მეტია. ექსპორტის ზრდის მიუხედავად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანილი ღვინის მოცულობა 11.9%-ით შემცირდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულება გაიზარდა.

2023 წელს ღვინის საექსპორტო ფასის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ზრდის მიუხედავად, ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრებზე შესაბამის მაღალ საფასო კატეგორიაში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ვერ ხვდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვითაც, 2022 წელს ქართული ღვინის საექსპორტო ფასი 1 ლიტრზე საშუალოდ $2.6 იყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განმარტებით კი, ღვინოზე ფასის კლება გლობალური ტენდენციაა და ის პოსტკოვიდურ პერიოდში დაიწყო. სააგენტოს ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ ღვინის ფასით 2022 წელს საქართველო TOP-შვიდეულში იყო.

რატომ ღირს ქართული ღვინო იაფი? - ამ შეკითხვით, BM.GE-იმ იმ მეღვინეებს მიმართა, რომელთა პროდუქტი საერთაშორისო ბაზრებზე მაღალ საფასო კატეგორიაში ხვდება.

როგორც „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან აღნიშნავს, მაშინ, როცა ქართული ღვინის 70% ისეთ არასტაბილურ და სანქცირებულ ბაზარზეა ჩამოკიდებული, როგორიც რუსეთია, დაბალი ფასი ბუნებრივია. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხარისხია. მეღვინე ამბობს, რომ 8000-წლიანი ისტორიის მქონე ქართული პროდუქტი, შესაბამის ხარისხს ვერ აკმაყოფილებს.

„საქართველოს ექსპორტს თუ განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ 70% მიბმულია რუსეთზე, 10% კი ჩინეთს, უკრაინას, ყაზახეთს უჭირავს. რუსეთი - იმის გარდა, რომ არასტაბილური ბაზარია, რეპუტაციული ზიანის მომტანია. სტაბილურობით არც ჩინეთი, ყაზახეთი და უკრაინა გამოირჩევა. გამოდის, რომ სტაბილურ, განვითარებულ ბაზრებს საქართველოს ექსპორტში უჭირავს 17-18%. ეს ძალიან ცუდი შედეგია. ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული ღვინის პრემიუმიზაცია მოხდეს ზედმეტია, მაშინ როცა ქვეყნის ექსპორტში 70% ისეთ არასტაბილურ და სანქცირებულ ქვეყანას უჭირავს როგორიც რუსეთია. ჩვენნაირი ერთეული მეღვინეები, რომლებიც არ ვოპერირებთ რუსეთის ბაზარზე და ღვინოს მხოლოდ დასავლეთის ბაზარზე ვყიდით - ამინდს ვერ შევქმნით“, - განმარტავს „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართულ ღვინოზე ფასი გაიზარდოს? – შალვა ქურდაძე ამბობს, რომ უპირველესად ხარისხზე მუშაობაა საჭირო. ხარისხიანი ღვინო კი შესაბამისმა მარკეტინგულმა აქტივობებმა უნდა წაახალისოს.

„ქართული ღვინო რომ ხარისხიანი იყოს, ის მარკეტინგული აქტივობები, რაც მისი პოპულარიზაციისთვის ხორციელდება, სრულად საკმარისი იქნებოდა ღვინის განვითარებულ ბაზრებზე მოსახვედრად. მარკეტინგი მშვენიერია, მაგრამ ის თუ შესაბამისი ხარისხით არ არის გამყარებული - აზრი არ აქვს. ხარისხი ძირითადი საექსპორტო ქვეყნით - რუსეთით განისაზღვრება. ხარისხს აყალიბებს უხარისხო ყურძნის სუბსიდირებაც. ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს ქართული ღვინის ხარისხს, რომელიც სამწუხაროდ წინ ვერ წავიდა. ხარისხი - პირდაპირ დამოკიდებულია ვენახთან, თუ გვინდა გავაკეთოთ ხარისხიანი ღვინო უნდა აიწიოს მევენახე-მეღვინეების სტატუსი. ამასთან, სუბსიდირებას უნდა დაესვას წერტილი, დარგი, რომელიც რაღაცას აკეთებს და მოძრაობაშია - ზიანი ადგება“ - ამბობს შალვა ქურდაძე.

აღსანიშნავია, რომ „ფაფრის ველის“ ღვინო 21 ქვეყანაში იყიდება. კომპანიის საექსპორტო ქვეყნებს შორის ისეთი ბაზრებია - როგორიც არის ევროპა, იაპონია, აღმოსავლეთი.

ინფორმაციისთვის, ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2023 წელს ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

აშშ - საშუალო ფასი $6.19 / 5.612 მლნ დოლარი / 906 511 ლიტრი ღვინო

გერმანია - საშუალო ფასი $4.66 / 4.620 მლნ დოლარი/ 991 217 ლიტრი ღვინო

ჩინეთი - საშუალო ფასი $3.69 / 11.690 მლნ დოლარი/ 3 165 799 ლიტრი ღვინო

ლატვია - საშუალო ფასი $3.55 / 4.074 მლნ დოლარი/1 147, 000 ლიტრი ღვინო

ლიეტუვა - საშუალო ფასი $3.32 /2.166 მლნ დოლარი/ 651 627 ლიტრი ღვინო

ყაზახეთი - საშუალო ფასი $3.09 / 9.015 მლნ დოლარი / 2 914 542 ლიტრი ღვინო

ბელარუსი - საშუალო ფასი $2.89 / 8.013 მლნ დოლარი / 2 802 150 ლიტრი ღვინო

უკრაინა - საშუალო ფასი $2.79 / 14.481 მლნ დოლარი/ 5 188 531 ლიტრი ღვინო

რუსეთი - საშუალო ფასი $2.70 / 168.304 მლნ დოლარი / 62 282 750 ლიტრი ღვინო

პოლონეთი - საშუალო ფასი $2.51 / 15.046 მლნ დოლარი / 5 973 970 ლიტრი ღვინო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები