ღვინის მწარმოებელი კომპანია "ფაფრის ველის" დამფუძნებელი, შალვა ქურდაძე მიიჩნევს, რომ ქართველ მეღვინეებს აზიის ბაზარზე, მაღალ სეგმენტში თავის დამკვიდრების შანსი ქვევრის ღვინის საშუალებით აქვთ.
„შანხაი, ტოკიო და ჰონკონგი არის ღერძი აღმოსავლეთში. ჩვენ თუ გვინდა თავი დავიმკვიდროთ პრემიუმ სეგმენტში, ერთადერთი შანსი გვაქვს ქვევრის ღვინის კატეგორიით. ამ ოკეანის რეგიონში არიან ქვეყნები, როგორიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, რომელთან შეჯიბრება ინდუსტრიული ღვინოებით ძალიან გაგვიჭირდება. საკმარისია ჰონკონგის ნებისმიერ მაღაზიაში შეხვიდეთ, ნახავთ უამრავ ავსტრალიურ და ზელანდიურ ღვინოებს. იგივე სიტუაციაა შანხაიში, ტოკიოში... ბაზარი გაჯერებულია ინდუსტრიული ღვინოებით. ჩვენ შანსი გვაქვს მხოლოდ ქვევრის ღვინით", - განაცხადა შალვა ქურდაძემ "საქმის კურსთან" ინტერვიუში და დასძინა, რომ თუ ღვინო ქვევრში ინდუსტრიული მეთოდით დამზადდა, მას წარმატება არ ექნება.
"როცა ვლაპარაკობთ ქვევრის ღვინოზე, საკმარისი არ არის ბოთლზე დავაწეროთ, რომ ეს არის ქვევრის ღვინო. თუ ის ქვევრში ინდუსტრიული მეთოდით დამზადდა, დიდი არაფერი წარმატება არ ექნება მას. წარმოუდგენელია ქვევრის ღვინო ინდუსტრიული მეთოდებით იწარმოებოდეს მილიონობით ლიტრობით.
ერთადერთი გზა ქვეყანაში მცირე მეღვინეების რაოდენობის გაზრდაა, რომელთაც მოტივაცია ექნებათ ყურძენი კი არ გაყიდონ, არამედ ქვევრის ღვინო აწარმოონ. სახელმწიფო კი მათ ექსპორტზე გატანაში უნდა მიეხმაროს. ინდუსტრიული ღვინის რეკლამით შორს ვერ წავალთ“, - განაცხადა მეღვინემ.
აღსანიშნია, რომ "ფაფრის ველს" ღვინო ექსპორტზე აზიის ბაზრებზე, მათ შორის იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჰონკონგში, სინგაპურსა და ავსტრალიაშიც გააქვს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, იანვარ-თებერვალში მათ წლიურად ზრდა ჰქონდათ 125%-ით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში ზრდა ამ დონეზე შენარჩუნდება.
„ეს ორთვიანი ზრდა/კლება საშუალო წლიურ მაჩვენებელზე კი ახდენს გავლენას, მაგრამ გადაჭარბებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი“, - აცხადებს მეღვინე.
ცნობისთვის, საქართველოდან იაპონიაში ღვინის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს ორ თვეში აღნიშნულ ქვეყანაში 27 700 ლიტრი ქართული ღვინო გავიდა, რაც წლიურად 549%-იან ზრდას ნიშნავს. იაპონია ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია. ამ ბაზარზე ქართული ღვინის საშუალო ფასი 4.9 დოლარია. გასულ წელს იაპონიაში 193 ათასი ლიტრი ქართული ღვინო გაიყიდა.