ბიო-ორგანული მეურნეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებლის შეფასებით, ქართული ღვინის 80% რუსულ ბაზარზე გაიყიდა, ამიტომ მისი თქმით, „სერიოზული სამუშაოა გასატარებელი“. ამის შესახებ შალვა ქურდაძემ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტის დადებითი მაჩვენებლების შეფასებისას "საქმის კურსში" ისაუბრა.
მეღვინე თვლის, რომ ბაზრების დივერსიფიცირება პირველ რიგში მეწარმის სოციალური პასუხისმგებლობაა.
„გლობალურად თუ შევხედავთ, საშუალოდ წლიურად 66% იყო დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე შარშან, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ეს დამოკიდებულება გაიზარდა 80%-მდე. წარმოიდგინეთ 80% ქართული ღვინის გადის რუსეთში. ამას გამოაკელით ბელარუსის, უკრაინის, ყაზახეთის ბაზრები და 10-15% რჩება ბაზრებზე, რომელსაც რატომღაც სტრატეგიულს ვუწოდებთ.
როდესაც ქართული ღვინის 12-15% განვითარებულ ბაზრებზე იყიდება, დანარჩენი განუვითარებელ, პირველ რიგში რუსულ ბაზარზე გადის... ძალიან სერიოზული სამუშაოა გასატარებელი. ჩვენნაირმა მცირე მეწარმეებმა ექსპორტი 125%-ით კი გავზარდეთ, მაგრამ წელს მხოლოდ 6 ათასი [ბოთლი] გავყიდეთ, რაც ზღვაში წვეთიც არ არის.
ბაზრების დივერსიფიცირება დამოკიდებულია თვითონ მეწარმეზე პირველ რიგში, თუ რა სტრატეგიას ირჩევს ის. სახელმწიფომ არ უნდა დააძალოს, ეს არ არის მისი პრეროგატივა და მე აბსოლუტურად ლიბერალური ეკონომიკის მომხრე ვარ, მაგრამ ჯერ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს მეწარმეს. არიან მეწარმეები, რომლებიც პრინციპულად ირჩევენ სხვა გზას და არა მარტივ გზას, რომელიც რუსეთისკენ არის მიმართული“, - აცხადებს ქურდაძე.
მისი თქმით, ქართველ მეღვინეებს პირველ რიგში ღვინის ხარისხზე აქვთ სამუშაო.
„პირველ რიგში ხარისხზეა სამუშაო. ყურადღება უნდა მიექცეს ღვინის ხარისხს, ამისთვის საჭიროა ვენახების ხარისხის გაზრდა. ეს არის ორჯერ ორი ოთხი მევენახეობაში. პირველ რიგში ნებისმიერი სახის მეღვინეობა მევენახეობის ხარისხზეა მიბმული, ვისურვებდი ეს მიმართულება უფრო განვითარებულიყო საქართველოში“,-აცხადებს მეღვინე.
2024 წელი ღვინის ექსპორტისთვის პოზიტიურად დაიწყო. იანვარ-თებერვალში გაიზარდა როგორც ექსპორტის მოცულობა, ასევე ღირებულებაც. მსოფლიოს 47 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 47,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 16,7 მლნ ლიტრი ღვინო. ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 43%-ით, ხოლო ღირებულება 38%-ით გაიზარდა.
ზრდა დაფიქსირდა ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორებიცაა ესტონეთი - 41% (50,6 ათასი ლიტრი), იაპონია - 549% (27,7 ათასი ლიტრი), უკრაინა - 27% (792,7 ათასი ლიტრი), კანადა - 472% (50,6 ათასი ლიტრი), ისრაელი - 37% (54,6 ათასი ლიტრი).