რუსეთის ბაზარზე მძლავრი დამოკიდებულება ძალიან დიდ რეპუტაციულ და ფინანსურ ზიანს აყენებს ქართულ ღვინოს. რუსეთის ბაზარი არის ის ბაზარი, სადაც შესაძლებელია გაიყიდოს მდარე ხარისხის, იაფი ღვინო - ამის შესახებ ბიო-ორგანული მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა შალვა ქურდაძემ გადაცემა რედაქტ2-ში რუსეთში ღვინის ექსპორტის ზრდაზე საუბრისას განაცხადა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთის ფედერაცია კვლავ რჩება ქართული ღვინისთვის მთავარ საექსპორტო მიმართულებად. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან 193,5 მილიონი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც129 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო რუსეთში გაიყიდა.
„გაცილებით ძნელია აწარმოო მაღალი ხარისხის გემრიელი, კარგი ღვინო, ვიდრე მდარე, დაბალი ხარისხის ღვინო. რუსეთის ბაზარი არის ის ბაზარი, სადაც შესაძლებელია გაიყიდოს მდარე ხარისხის, იაფი ღვინო. ევროპის ბაზარი ასეთი ბაზარი არ არის. შესაბამისად ნაკლები შრომის დახარჯვა სჭირდება მეწარმეს, რომ დიდი რაოდენობით შექმნას მდარე ხარისხის ღვინო. 1,80 დოლარად იყიდება ზოგიერთი ქართული ღვინო რუსეთში.
მეღვინისთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მარნიდან გაყიდო 1,80 დოლარად ან 2 დოლარად ღვინო, როდესაც მაგალითად ერთი ბოთლი საფერავის წარმოებისთვის საჭიროა 1,5 კილოგრამი ყურძენი. თუ ავიღებთ საფერავი რა ღირს, მით უმეტეს კარგი ხარისხის საფერავი , აბსოლუტურად ნონსენსია ხომ?! ამ ფასში შეუძლებელია ღვინის შექმნა. დაუმატეთ მას ბოთლი, ეტიკეტირება, ლოგისტიკის და ყველა ხარჯი, პასუხი თვითონ ამ რიცხვებშია“,-აცხადებს შალვა ქურდაძე.
ამ სიტუაციაში ბიზნესმა უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და თვითონ უნდა დაფიქრდეს, რა უნდა თვითონ. მით უმეტეს მაშინ, როცა გახსნილია დასავლეთის ბაზარი და მოთხოვნილებაა ქართულ ღვინოზე“,-აცხადებს შალვა ქურდაძე.