„ქართულმა ღვინომ სამწუხაროდ, იგივე გზა აირჩია ჩინეთში, რა გზაც რუსეთში იქნა არჩეული“ - ამის შესახებ კომპანია „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა შალვა ქურდაძემ bm.ge-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთის ბაზარზე დაბალი ფასებით შევიდნენ.
„საკმაოდ არაპროგნოზირებადი ბაზარია, ამიტომ ჩვენ ფრთხილად ვუყურებთ ამ ბაზარს. ჩვენ მცირე მოცულობებს ვაწარმოებთ და არ ვეძებთ რუსეთის ალტერნატივას, რადგან საერთოდ არ გაგვაქვს რუსეთში.
ქართულმა ღვინომ სამწუხაროდ იგივე გზა აირჩია ჩინეთში, რა გზაც რუსეთში იქნა არჩეული, ფაქტობრივად რუსეთის ალტერნატივა გამოინახა ჩინეთის სახით, რაც მე ვთვლი, რომ არ არის კარგი და კლებაც სავსებით კანონზომიერია. თუ საკუთარი ღვინის კეთება ინტენსიურად გააგრძელეს ჩინელებმა, გასაგებია რაც მოხდება“,- აცხადებს შალვა ქურდაძე.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მიმართულებით ქართული ღვინის ექსპორტი იკლებს. გასულ წელს ღვინის ექსპორტიორებმა ჩინეთში მხოლოდ 11,6 მილიონი დოლარის ღირებულების 3 164 ტონა ღვინო გაყიდეს, მაშინ როცა პანდემიურ 2019 წელს ეს მაჩვენებელი $18,8 მლნ [5 204 ტონა] იყო. კლება გაგრძელდა მიმდინარე წელსაც. მხოლოდ 5 თვეში ჩინეთში ღვინის ექსპორტი 42%-ით შემცირდა და $2,9 მლნ შეადგინა. იანვარ-მაისში ჩინეთის მიმართულებით მხოლოდ 824 ტონა ღვინო გადაიტვირთა. ეს კლება შალვა ქურდაძისთვის გასაკვირი არ არის.
„ბოლო 5 წელია იკლებს ღვინის ექსპორტი. ამის მიზეზია ის, რომ ჩინელებმა თვითონ დაიწყეს ღვინის კეთება ბევრი ფული ჩადეს მეღვინეობაში და მათ მოახერხეს შიდა ბაზრისთვის დიდი მოცულობების წარმოება. მაინც საშუალო და დაბალ სეგმენტში მუშაობენ. ქართული ღვინის ექსპორტის კლება ზოგადი ტენდენციაა, რაც ჩინეთი ბაზარს ახასიათებს“’,- აცხადებს ის
როგორც ცნობილია, წელს ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მარკეტინგში 16 მილიონ ლარს დახარჯავს. ფაფრის ველის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს ზღვაში წვეთია. შალვა ქურდაძე თვლის, რომ რთველის სუბსიდირებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი სამიზნე ბაზრებზე სწორედ ღვინის პოპულარიზაციის გაზრდაზე უნდა დაიხარჯოს.
„როცა სუბსიდირებაში ვხარჯავთ 100 მილიონ ლარს და 15-16 მილიონ ლარს მსოფლიოში ღვინის პრომოუშენში, აქ რაზეა ლაპარაკი?! 16 მილიონი ლარი ის ბიუჯეტი, რომელსაც ნებისმიერი თავმოყვარე დასავლური ბრენდი ერთი მცირე რეგიონული განვითარებისთვის ხარჯავს, ჩვენ კიდევ გვინდა მსოფლიო დავიპყროთ ამ მცირე ბიუჯეტით. ეს არის ნონსენსი, ეს არ მოხდება არასდროს, რადგან მარკეტინგში და ბუნებაში ასეთი რამ არ ხდება. ამ დროს, პარალელურად, მეორე ხელით 5-10-ჯერ უფრო მეტ თანხას ვხარჯავთ იმაში, რომ წავახალისოთ უხარისხო ღვინის წარმოება. ფაქტობრივად რუსეთის ბაზარს ვახალისებთ, რადგან ამ ღვინის შემსყიდველი რუსეთის გარდა უბრალოდ არავინ იქნება. ეს არის სამწუხარო რეალობა.
თუ ასე გაგრძელდა საქმე, ჩვენ დაგვრჩენია რამდენიმე წელი, რომ ჩვენმა ღვინომ რაღაც გარღვევა მოახდინოს, თუ არა ჩამოყალიბდება რაღაც იაფფასიანი ღვინო, რომელსაც ექნება თავისი მცირე ნიშა და დავრჩებით ასე ბედის ანაბარა“,- განაცხადა bm.ge-სთან ინტერვიუში შალვა ქურდაძემ.