მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ღვინის ექსპორტის ზრდას დიდ გამარჯვებად ვერ ჩავთვლი - მეღვინეობა "ფაფრის ველი"

ჩინეთი

მეღვინეობა "ფაფრის ველში“ აცხადებენ, რომ რუსეთში ექსპორტის ზრდა ქართული ღვინის დარგის განვითარებისთვის ნეგატიური მოვლენაა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, შალვა ქურდაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მცირე მარნების ნაწილი დასავლეთის ბაზრებზეა ორიენტირებული და რუსეთში ღვინო არ გააქვს. თუმცა მისი თქმით, კომპანიების დიდი ნაწილი უპირატესობას მაინც რუსეთს ანიჭებს, რის გამოც ამ ბაზარზე მთლიანი ექსპორტის თითქმის 80% მოდის.

შალვა ქურდაძის თქმით, საჭიროა, რომ უფრო აქტიურად მოხდეს დასავლეთის ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მარკეტინგი.

„ჩვენი ღვინო 20-მდე ქვეყანაში იყიდება, ექსპორტზე ევროპის, აზიის და აშშ-ს ბაზრებზე გავდივართ. რუსეთში ღვინის ექსპორტს არ ვახორციელებთ. თუმცა ჩვენნაირი კომპანიები მასშტაბიდან გამომდინარე, ამინდს ვერ ვქმნით და ქართულ ღვინის ექსპორტის დიდი წილი მაინც რუსეთზე მოდის, რაც არცთუ ისე სასიამოვნო ფაქტია. რაც შეეხება დასავლეთის ბაზრებს, აქ პირველ კვარტალში რიგ ქვეყნებში პირიქით, კლება გვაქვს. ალბათ არ ხდება იმ დოზით მეღვინეობის წახალისება, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ცივილიზებულ, დასავლეთის ბაზრებზე გახვიდე. ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე დასავლეთის ბაზრებზე იმაზე 10-ჯერ ნაკლები იხარჯება, ვიდრე სუბსიდირების გზით უხარისხო ყურძნის შესყიდვაზე. სხვა რა შედეგს უნდა ველოდეთ?

რუსეთის ბაზარზე ცივილიზებული მოქმედების წესები არ მოქმედებს. ეს სანქცირებული ქვეყანაა, ოღონდ რამე შეიტანო და მადლობას გეტყვიან. რუსეთში ღვინის ექსპორტის ზრდას დიდ გამარჯვებად ვერ ჩავთვლი, პირიქით, ეს ძალიან ცუდი ფაქტია. როდესაც 8000 წლიანი ტრადიციის ღვინის კულტურაზე ვსაუბრობთ, პირველი კითხვა, რაც ცივილიზებული ქვეყნის სტუმარს უჩნდება არის ის, თუ რატომ გადის ქართული ღვინის 80% კვლავ რუსეთის ბაზარზე. ეს მინიმუმ დაეჭვების საბაბს იძლევა“, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.

ცნობისთვის, იანვარ-მარტში საქართველოდან 29 744 ტონა მოცულობის 83 მილიონ 592 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის საექსპორტო ღირებულებას 48%-ით აღემატება.

ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ტრადიციულად რუსეთი იყო, თუმცა წლის პირველ კვარტალში ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი კიდევ უფრო - 78%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2023 წლის სამი თვის ჭრილში ეს მაჩვენებელი 67% იყო. 2023 წლის ღვინის ჯამურ გაყიდვებში კი რუსეთზე 65% მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები