იანვარ-მარტში საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონლის - ყურძნის ნატურალური ღვინოების გაყიდვები გაიზარდა. ამ პერიოდისთვის ჯამში ქვეყანამ 29 744 ტონა ღვინის ექსპორტით 83 მილიონ 592 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის საექსპორტო ღირებულებას 48%-ით აღემატება.
პირველი კვარტალის მონაცემებით, ეს ამ პერიოდისთვის ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელია. შედეგად ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში მსუბუქი ავტომობილების შემდეგ 6.3%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა.
ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ტრადიციულად რუსეთი იყო, თუმცა წლის პირველ კვარტალში ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი კიდევ უფრო - 78%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2023 წლის სამი თვის ჭრილში ეს მაჩვენებელი 67% იყო. 2023 წლის ღვინის ჯამურ გაყიდვებში კი რუსეთზე 65% მოდიოდა.
ყურძნის ნატურალური ღვინოების უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ში შემდეგი ქვეყნები შედიან:
- რუსეთი - $65 მლნ, 24 090 ტონა;
- პოლონეთი - $3.8 მლნ, 1570 ტონა;
- უკრაინა - $3 მლნ, 1 091 ტონა;
- ყაზახეთი - $2 მლნ, 622 ტონა;
- ჩინეთი - $1.5 მლნ, 441 ტონა;
- გერმანია - $1.3 მლნ, 297 ტონა;
- აშშ - $1.1 მლნ, 188 ტონა;
- ლატვია - $890 ათასი, 239 ტონა;
- ბელარუსი - $725 ათასი, 248 ტონა;
- ლიეტუვა - $393 ათასი, 117 ტონა;
მცირე მოცულობებით ღვინო ამ პერიოდში გაერთიანებულ სამეფოში, ესტონეთში, აზერბაიჯანში, მონღოლეთში, თურქეთში, კანადაში, ისრაელში, იაპონიაში, ჰონკონგში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში გავიდა.