მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განვიხილავთ ქვევრების ესპანეთში ან სლოვაკეთში შეძენას, საქართველოში სამწუხაროდ, აღარ ვიყიდი“ – „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი

ქვევრი

ქვევრის ღვინის მწარმოებლებისთვის ქართული ქვევრის ხარისხი ბოლო წლებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. მეღვინეების ნაწილს ურჩევნია ქვევრი საზღვარგარეთ იყიდოს, რადგან მაღალი მოთხოვნა საქართველოში წარმოებული ქვევრის ხარისხზე უარყოფითად აისახა.

გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი შალვა ქურდაძე აცხადებს, რომ განიხილავენ ქვევრი ესპანეთში ან სლოვაკეთში შეიძინონ.

„შარშან მაგალითად შეკვეთილი მქონდა ქვევრები და უკან დავუბრუნე ხელოსანს, რომელმაც 10 წლის წინ დამიმზადა ქვევრები. 10 წლის წინ არ იყო ამდენი მოთხოვნა და ყურადღებით აკეთებდნენ. დღეს, როცა გაჩნდა დიდი მოთხოვნილება ძალიან ჩქარობენ, შეკვეთების აღება არ ეზარებათ და ამ საქმეს კიდევ ძალიან დიდი კონცენტრირება სჭირდება და ყურადღება.

ჩვენ უკვე განვიხილავთ ესპანეთში ან სლოვაკეთში ქვევრების შეძენის საკითხს. საქართველოში სამწუხაროდ აღარ ვიყიდი. გამოსანთლული ქვევრი ქვევრი არ არის და თუ არ გამოსანთლე ქართული ქვევრი, ის ვერ გაუძლებს 2 წელსაც. ესეც საბაზისო და ფუნდამენტური პრობლემაა, რომლის გადაჭრის გარეშე ვერ განვითარდება დარგი“,-განაცხადა შალვა ქურდაძემ.

ქვევრის ხარისხის პრობლემაზე ისაუბრა „წერტილთან“ ინტერვიუში იაგოს მეღვინეობის დამფუძნებელმაც. იაგო ბიტარიშვილის განცხადებით, პრობლემაა ქვევრის დამზადების ტექნოლოგია, რადგან ახლად დამზადებული ქვევრების გარკვეული ნაწილი არასათანადოდაა გამომწვარი, რაც ქვევრის ღვინის მწარმოებლებს აზარალებს.

„დღესდღეობით, ბაზარზე ხარისხიან ქვევრს ვერ იყიდი. პირდაპირ ვამბობ, ბოლო 5-7 წელია ქვევრის ყიდვა მინდა და ვერ ვყიდულობ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამ სიტუაციაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე მექვევრეები არიან; მათ 8 000 წლის განმავლობაში ეს ხელობა შემოგვინახეს და ახლა სხვა სიმაღლეზე, ხარისხზე უნდა გადავიდეთ. ეს უნდა გახდეს ბიზნესი. ეს ხელობა არ უნდა დაიკარგოს“,-განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები