მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებაზე უარი უთხრა, აფხაზები ფულს ეძებენ

ენერგო პრო თელასი ელექტროენერგია დენი ნათურა სინათლე შუქი

"რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა, აფხაზეთს ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდოს", - ამის შესახებ აფხაზური მედია იტყობინება. მედიის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ოკუპირებული აფხაზეთი დენის გარეშე არ დარჩეს, ე.წ. მთავრობამ 900 მილიონი რუბლი უნდა მოიძიოს.

ამ წუთებში აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი დახურულ კომიტეტის სხდომას მართავს, სადაც რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის იმპორტსა და გადასახდელი თანხის მოძიებას განიხილავს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის განცხადებით, "მთავრობამ" მიმდინარე კვირის ბოლომდე 200 მილიონი რუბლი უნდა მოიძიოს.

"ეს პირველი ნაწილია. მთელი ქვეყანა მოვძებნით ფულს, რომ ქვეყანა შუქის გარეშე არ დარჩეს", - აღნიშნა ვლადიმირ დელბამ.

ე.წ. ეკონომიკის მინისტრს, ქრისტინა ოზგანს კი ერთ-ერთ გამოსავლად ელექტროენერგიის ტარიფის სამჯერ ზრდა მიაჩნია.

"მოდით, მივიღოთ რადიკალური ზომები", - განაცხადა მან.

ე.წ. პარლამენტში გამოსვლისას, დეპუტატმა, ბესლან ხალვაშმა განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციის შემოღებაა საჭირო.

"ენერგეტიკის სექტორში კრიტიკული ვითარებაა. აუცილებელია საგანგებო სიტუაციის შემოღება და მოსახლეობისთვის მიმართვა, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს", - აღნიშნა ბესლან ხალვაშმა.

ე.წ. დეპუტატ, კან კვარჭიასთვის კი გაუგებარია, მოსახლეობამ ამ დრომდე რატომ არ იცოდა, რომ რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიის ღირებულებას გადაახდევინებდა.

"ჩვენ თითქმის მილიარდი უნდა ვიშოვოთ, რათა შუქის გარეშე არ დავრჩეთ. ეკონომიკის მინისტრმა კი გვითხრა, რომ რუსეთისგან ელექტროენერგიას უფასოდ მივიღებდით. ეს საკითხი პრიორიტეტული წინასწარ რატომ არ გახდა, ვიდრე ახლა ფაქტის წინაშე დაგვაყენებდით?", - განაცხადა ე.წ. დეპუტატმა.

როგორც რამდენიმე დღის წინ კომპანია „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ Эхо Кавказа-სთან ინტერვიუში განაცხადა, შეთანხმება 30 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტზეა მიღწეული. მისი თქმით, წლის ბოლომდე ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 250-370 მილიონი კილოვატ საათით მეტი ელექტროენერგია სჭირდება.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასურს რომ გადაახდევინებდა, "ენგურჰესის" დირექტორმა რამდენიმე დღის წინ BMG-სთან განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები