მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთმა აფხაზეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა" - აფხაზი ჟურნალისტი

არძინბა და ლავროვი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. თემა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შესახებ მიღებული რატიფიცირებაა, რომელიც "სახელმწიფო აგარაკის" მესამე პირზე გადაცემას კრძალავს. ინფორმაციას აფხაზი ჟურნალისტი, იზიდა ჭანია ავრცელებს.

"არაოფიციალური ინფორმაციით, 3 დღის წინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყების ნოტა მიიღო. კანონში შესწორება (რატიფიცირება), რომელიც სახელმწიფო აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვას უკავშირდება, ვიღაც კონკრეტულ პირს არ აწყობს. მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, არამედ ის, რომ სამინისტრო ამ ფაქტს მალავს. არც საიტზე და არც ტელეგრამში ეს ინფორმაცია განთავსებული არ არის", - წერს იზიდა ჭანია.

ჟურნალისტის განცხადების შემდეგ, ფაქტზე კომენტარი გააკეთეს ე.წ. ოპოზიციონერებმა, რომლებმაც რუსეთის მხრიდან გამოგზავნილი ნოტა დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ რუსეთი აფხაზეთისგან ვალდებულებებისადმი ერთგულების დადასტურებას ითხოვს.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გვაქვს, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ, დაადასტუროს ერთგულება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებულებების ან მანამდე მიღებული საკანონმდებლო აქტების მიმართ. მოვითხოვთ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავი დაანებოს ჩვეულ კულუარულ მუშაობას და აღნიშნული ნოტა გამოაქვეყნოს. ასევე, საზოგადოების სრული ნდობის გამო, მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხი წინასწარ იყოს შეთანხმებული პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ, დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს ,ასლან ბჟანიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას დაეკისრება", - აცხადებენ ოპოზიციონერები.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს დაამტკიცა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა. პარალელურად, დეპუტატებმა ობიექტების, მიწის ნაკვეთების, წყლის ფართობების, აშენებული შენობებისა და ნაგებობების მესამე პირებისთვის გადაცემა აკრძალეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები