რუსეთმა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი ერთი თვით აკრძალა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გაცემული და გასაცემი საექსპორტო ლიცენზიების მოქმედება 21 მარტიდან 21 აპრილამდე შეჩერებულია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამონაკლისს წარმოადგენს ის მიწოდებები, რომლებიც მთავრობათშორისი შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
„შეზღუდვა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილების საფუძველზე ამოქმედდა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებისთვის აზოტოვანი სასუქების მიწოდებასა და მათი შესრულების წესს აკონტროლებს. აზოტოვან სასუქებზე საექსპორტო მოთხოვნის ზრდის პირობებში, მათი საზღვარგარეთ მიწოდების შეჩერება საშუალებას მოგვცემს, საგაზაფხულო საველე სამუშაოების პერიოდში პრიორიტეტულად შიდა ბაზრის საჭიროებები დავაკმაყოფილოთ და მათი შეუფერხებელი მიმდინარეობა უზრუნველვყოთ“, - ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთიდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი კვოტირების მექანიზმით 2021 წლის 1 დეკემბრიდანაა შეზღუდული. ეს ზომა არაერთხელ გახანგრძლივდა და ახლა 2026 წლის 31 მაისამდე მოქმედებს. საექსპორტო ლიცენზიებს რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო გასცემს.
ამონიუმის გვარჯილის გატანის კვოტა 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 31 მაისამდე პერიოდისთვის 2,6 მილიონი ტონის ოდენობით იყო დამტკიცებული.
თებერვლის ბოლოს სასუქების მსხვილი მწარმოებელი ქარხანა „დოროგობუჟი“ (შედის ჯგუფში „აკრონი“) უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. ეს საწარმო მინერალური სასუქების სრული რუსული წარმოების 5%-ს უზრუნველყოფს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ძირითადად აზოტოვანი სასუქების ექსპორტიორი ქვეყანაა, თუმცა თავისუფალი ბაზრის პირობებში სასუქების იმპორტიც ხორციელდება და მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ამ საქონლის იმპორტი მცირედ 9 მილიონ 614 ათას დოლარამდე შემცირდა და საქართველოში 26 101 ტონა აზოტოვანი და მინერალური სასუქები შემოვიდა. რუსეთის წილი თითქმის ნახევარი - 47.6%-ია. 2026 წლის პირველ 2 თვეში იმპორტი შემცირებას განაგრძობს. იანვარ-თებერვალში სულ 1.2 მლნ დოლარის ღირებულების 2 662 ტონა აზოტოვანი სასუქები შევიძინეთ. თუმცა წელს საერთო შემცირების პირობებში რუსეთიდან მინერალური სასუქების იმპორტი ამ პერიოდში 400 ათას დოლარამდე გაიზარდა.




























