მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა ГРУ-ს გენერლის მკვლელობის მცდელობაში ეჭვიმატინილი დააკავა - კრემლი ხელს უკრაინას ადებს

ვლადიმირ ალექსეევი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა და საგამოძიებო უწყებამ გენერალ ვლადიმირ ალექსეევის ლიკვიდაციის მცდელობაში ეჭვიმატინილი პირი ლიუბომირ კორბა დააკავეს. ის არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აიყვანეს და სწორედ საამიროების სპეცსამსახურების დახმარებით უკან, რუსეთში დააბრუნეს.

სახელმწიფო ორგანოების ცნობით, ეჭვმიტანილი მოსკოვში გასული წლის დეკემბერში სწორედ “ტერორისტული აქტის განსახორციელებლად” ჩავიდა და ოპერაციას ორი თვის განმავლობაში გეგმავდა. მან ქვეყანა ალექსეევისთვის მძიმე ჭრილობების მიყენებიდან მალევე დატოვა და თავის შეფასება სწორედ დუბაიში სცადა. არსებული ინფორმაციით, ის უკრაინული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეა. საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებმა გენერლის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში უკრაინის დაზვერვას ბრალი უკვე ოფიციალურად დასდეს, თუმცა კონკრეტული მტკიცებულება ჯერ არ გავრცელებულა.

ბრალდებას უკვე უპასუხეს კიევში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ გენერლის ლიკვიდაციის მცდელობაში უკრაინული მხარის მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხა და თქვა, რომ, მაღალი ალბათობით, ეს კრემლის შიდა წრეებში არსებული დაპირისპირებების შედეგია. შეგახსენებთ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, ლეიტენანტ გენერალი ვლადიმირ ალექსეევი ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ეჭვმიტანილმა რამდენიმე გასროლით პარასკევს დაჭრა. მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ახლაც საავადმყოფოში რჩება, თუმცა უცნობია, კვლავ ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე.

გენერლის მკვლელობის მცდელობამ და მომხდარში უკრაინული მხარის დადანაშაულებამ უკვე გააჩინა შიში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებას ისახავს მიზნად, შესაძლოა შეფერხდეს. კრემლის პირველმა დიპლომატმა, სერგეი ლავროვმა მედიას განუცხადა, რომ ალექსეევზე თავდასხმა პირდაპირი პროვოკაცია იყო, რომლის მიზანიც ოფიციალური კიევის მხრიდან დიპლომატიური პროცესების ჩაშლა იყო. აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია შტატების ლიდერ დონალდ ტრამპს.

ცნობისთვის, ის მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ორ ქვეყანას შორის ვითარების დაძაბვას ყოველთვის ეხმიანებოდა. მაგალითისთვის, როცა კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციისკენ დრონები გაუშვა, ამერიკის პრეზიდენტმა ოფიციალური კიევი გააკრიტიკა, თუმცა სადაზვერვო მონაცემების მიღებისა და რუსული ბრალდებების გაბათილების შემდეგ ტრამპმა პოზიცია შეიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები