რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის ელჩი დაიბარა, რათა ტოკიოში დაფუძნებული კომპანიის მიერ უკრაინულ დრონების მწარმოებელ ფირმაში განხორციელებული ინვესტიცია გაეპროტესტებინა - ამის შესახებ The Moscow Times წერს.
საქმე ისაა, რომ იაპონური Terra Drone Corporation-ის განცხადებით, კომპანია "სტრატეგიულ ინვესტიციას" განახორციელებს ხარკოვში დაფუძნებულ ფირმა Amazing Drones-ში, რომელიც ე.წ. "ჩამჭრელ დრონებს" ავითარებს და აწარმოებს.
იაპონურმა კომპანიამ აღნიშნა, რომ Amazing Drones-თან ერთად Terra A1 ჩამჭრელი დრონების ხაზს გამოუშვებს. როგორც Reuters იუწყება, Terra A1 შექმნილია ცალმხრივი ("კამიკაძე") დამრტყმელი დრონების საწინააღმდეგოდ, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ფართოდ იყენებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა გარიგება და მას "ზედმეტად მტრული და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისთვის საზიანო" უწოდა, რუსეთში უკრაინული დრონების "სისტემატური" თავდასხმების გამო.
მან ასევე დაადანაშაულა იაპონია ორმხრივი ურთიერთობების "უპრეცედენტოდ დაბალ" დონეზე დაყვანაში.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, იაპონია შეუერთდა დასავლეთის სხვა ქვეყნებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში.
2024 წელს იაპონიამ და უკრაინამ 10-წლიან უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ჰუმანიტარულ მხარდაჭერასა და აღდგენითი სამუშაოებისთვის დახმარებას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის დასაწყისში იაპონური მედია იუწყებოდა, რომ ტოკიო გეგმავდა, შეერთებოდა ნატოს ინიციატივას უკრაინისთვის ამერიკული წარმოების საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის (შესაძლოა სარადარო სისტემებისა და ჯავშანჟილეტების ჩათვლით) მიწოდების თაობაზე.




























