21-22 ოქტომბრის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ისტორიულ ცენტრზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს. როგორც ირკვევა, თავდასხმის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალი ადამიანი დაშავდა და დედაქალაქში მასშტაბური ნგრევა დაფიქსირდა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა და რადიოტექნოლოგიების ექსპერტმა სერჰი ბესკრესტნოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული დარტყმა სამხედრო მიზნებს არ ემსახურებოდა. მისივე შეფასებით, შეტევა მიზნად ძველი ქალაქის ნაწილის განადგურებასა და რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დაზიანებას ისახავდა.
საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ძალებმა თავდასხმისას "ისკანდერის" ტიპის რაკეტა გამოიყენეს, რომელიც K5 ტიპის კასეტური ქობინით იყო აღჭურვილი.
განმარტებისთვის, ეს საბრძოლო მასალა ხმელეთის ზედაპირის ზემოთ ფეთქდება და ჰაერში 58 საბრძოლო ელემენტს ფანტავს. ეს შეიარაღება სპეციალურად იმისთვის გამოიყენება, რომ 400 მეტრამდე ფართობზე ცოცხალ ძალასა და ტექნიკას მაქსიმალური ზიანი მიადგეს.
























