მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ლუდის იმპორტზე გადასახადი 2,5-ჯერ გაზარდა - რა მოცულობის ლუდს ყიდის საქართველო?

ლუდი

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნებიდან ლუდის იმპორტზე გადასახადი 2,5-ჯერ გაზარდა.

როგორც მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს პრესრელიზშია ნათქვამი, გადასახადი 0,04 ევროდან ლიტრზე 0,1 ევრომდე იზრდება.

„ამ პროდუქტების წილი მთლიანი მოხმარების სტრუქტურაში 5%-ს არ აღემატება. ღონისძიება ასევე არ არის აკრძალვა და ის, ხელს შეუწყობს რუსი მწარმოებლებისთვის კონკურენტუნარიან პირობებს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

გასული წლის მონაცემებით, ქართული ლუდისთვის რუსეთი, ყაზახეთის შემდეგ მეორე საექსპორტო ბაზარია. 2022 წელს, საქართველომ რუსეთში 488 ათასი აშშ დოლარის 525.8 ტონა ლუდი გაყიდა, გასულ - 2023 წელს კი, 792.7 ათასი აშშ დოლარის 673.8 ტონა, რაც ლუდის მთლიანი ექსპორტის, $7.02 მლნ-ის 11.2%-ია.

რაც შეეხება 2024 წელს, იანვარ-მარტში ქართული ლუდის მთლიანმა ექსპორტმა 912.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (758.9 ტონა). აქედან, რუსეთში ექსპორტირებული ლუდი 61.7 ათასი დოლარის ღირებულების (50.6 ტონა), რაც წლევანდელი ექსპორტის მხოლოდ 6.7%-ია.

გარდა ამისა, იმპორტის საბაჟო გადასახადის განაკვეთები 50%-მდე იზრდება გარკვეული სახის საქონელზე (კაკაოს შემცველი მზა პროდუქტები; ქურთუკები; შპალერი; ელვა), რომლებსაც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი აწარმოებენ და ისინი რუსეთში პროდუქციის ძირითადი იმპორტიორები არიან.

bm.ge-იმ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან უკვე გამოითხოვა რუსეთში, ლუდის ექსპორტიორი კომპანიების სია და მასალა, ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

ცნობისთვის, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მაისიდან აქციზის გადასახადი ლიტრზე 108 რუბლს მიაღწევს. 2025 წლიდან ის 112 რუბლი, 2026 წლიდან კი - 116 რუბლი გახდება.

ასევე, მარტის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ "რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია", NATO-ს ქვეყნებიდან რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე 200%-იანი გადასახადი დაწესებას ითხოვს. რუსი მეღვინეები თავიანთ ხელისუფლებას რუსეთში გასულ ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის საკითხის გადახედვასაც ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები