მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა - სერგეი შამბა

შამბა

რუსეთმა პირველი სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა და გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ითხოვს - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალურ მოსკოვში არაერთხელ გაკეთებულა განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის მიერ ნაკისრმა შეუსრულებელმა ვალდებულებებმა შეიძლება გარკვეული სანქციები გამოიწვიოს.

„მათი [სანქციების] განხორციელება პირველი სექტემბრიდან უკვე დაიწყო. შეჩერებულია უკვე სოციალური დაფინანსების ნაწილი, რომელიც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვას. თუმცა ეს რა თქმა უნდა პირველი ასეთი ნაბიჯებია. გარდა ამისა დგას ელექტროენერგიის მოწოდების საკითხი, რომელსაც ყოველ ზამთარს ვაწყდებით, ამისთვის კომერციული ტარიფი უნდა გადავიხადოთ“, - განაცხადა შამბამ გამართულ ბრიფინგზე.

მედიის ცნობით, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის ოქმის მიხედვით, რუსეთი 1-ელი სექტემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას აპირებს, სანამ "აფხაზური მხარე" შემდეგ ვალდებულებებს არ შეასრულებს:

- ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;

- რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;

- რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).

ამასთან, ოკუპანტი ქვეყანა აპირებს, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მოუწოდოს, მინიმუმამდე დაიყვანონ "აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან" კონტაქტი რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულებისადმი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები