რუსულმა საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აპლიკაცია Telegram-ი აკრძალული კონტენტის წაუშლელობის გამო 35 მილიონი რუბლით (432 366 აშშ დოლარი) დააჯარიმა.
მანამდე კრემლმა არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასაუბრო აპლიკაცია Telegram-ი იმაში, რომ ის არაკანონიერი და ექსტრემისტული კონტენტისთვის პლატფორმად გამოყენების საშუალებას იძლევა.
Telegram-ი უარყოფს ბრალდებას და თავის მხრივ რუსეთს მისი სერვისების შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებს, რათა ხალხი აიძულოს, სახელმწიფო აპლიკაცია MAX-ზე გადაერთონ.
მანამდე, 14-15 მარტს, მთელი რუსეთის მასშტაბით ადამიანებმა Telegram-ზე წვდომის პრობლემების შესახებ დაიწყეს საუბარი.
რუსეთის მთავარი რადიოსიხშირული ცენტრის (მედიის მარეგულირებელ "როსკომნადზორს" დაქვემდებარებული სააგენტო) ცნობით, საჩივრების მინიმუმ მესამედი, რომლებიც შაბათიდან გაჩნდა, მოსკოვიდან მოდიოდა. მას მოსდევს სანქტ-პეტერბურგი და სხვა რამდენიმე ქალაქი ქვეყნის 11 სასაათო სარტყელში. გამოცემა The Moscow Times ესაუბრა ათზე მეტ ადამიანს რუსეთში, რომლებმაც დაადასტურეს Telegram-ზე წვდომის პრობლემები.
პოპულარულ სასაუბრო აპლიკაციასთან დაკავშირებულ უახლეს პრობლემებზე "როსკომნადზორს" კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, აგვისტოში "როსკომნადზორმა" თაღლითობის საწინააღმდეგო ზომის საბაბით Telegram-ზე ხმოვანი და ვიდეო ზარები დაბლოკა. გასულ თვეში კი მან გადმოწერის სიჩქარის შეზღუდვა დაიწყო, რითაც მომხმარებლებს გაურთულა წვდომა ისეთ მედია კონტენტზე, როგორიცაა ხმოვანი შეტყობინებები, ვიდეოები და ფოტოები.
გასულ თვეში წყაროებმა საინფორმაციო გამოცემა RBC-ს განუცხადეს, რომ პლატფორმის დაბლოკვის გადაწყვეტილება "საბოლოოა" და Telegram-ი რუსეთის შიგნით შესაძლოა უკვე აპრილში გახდეს მიუწვდომელი.
ამავდროულად, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მყოფი მოქალაქეები მობილური ინტერნეტის მნიშვნელოვან გათიშვებზეც საუბრობენ. თუმცა, ინტერნეტზე წვდომის შეფერხება ბოლო წლებში მთელ ქვეყანაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რადგან უკრაინული დრონების თავდასხმების აღსაკვეთად სამხედროები სიგნალებს ახშობენ.
კრემლმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და სხვა რეგიონებში მობილური ინტერნეტის სერვისების მიმდინარე შეფერხებები აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და კანონის შესაბამისად ხორციელდება.




























