მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა სასუქების ექსპორტის შეზღუდვა კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

სასუქები

რუსეთის მთავრობამ მინერალური სასუქების ექსპორტის შეზღუდვა კიდევ დეკემბრამდე გაახანგრძლივა. კვოტირების მექანიზმი არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე. ინფორმაციას რუსული მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. დადგენილების თანახმად, ახალი შეზღუდვები 2026 წლის 1 ივნისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

რუსული მედიები წერენ, რომ გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე სასუქების მიწოდების უზრუნველსაყოფად და სოფლის მეურნეობისა და კომბინირებული საკვების მწარმოებლების შეუფერხებელი მუშაობისთვის მიიღეს. Bloomberg-ი კი აღნიშნავს, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება ირანში მიმდინარე ომისა და ჰორმუზის კრიზისის გამო მსოფლიოში სასუქებზე გაჩენილი დეფიციტის ფონზე მიიღო.

საექსპორტო კვოტის ჯამური მოცულობა 20 მლნ ტონაა, რომელიც დასახელებების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • აზოტოვანი სასუქები: 8,7 მლნ ტონაზე მეტი;
  • ამიაკის გვარჯილა: 4,2 მლნ ტონაზე მეტი;
  • რთული სასუქები: 7 მლნ ტონაზე მეტი.

კვოტები არ ვრცელდება:

  • ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის სასუქების მიწოდებაზე;
  • საერთაშორისო ტრანზიტულ გადაზიდვებზე;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ხაზით გაგზავნილ ტვირთებზე.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთიდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი კვოტირების მექანიზმით 2021 წლის 1 დეკემბრიდანაა შეზღუდული. ამჟამინდელი კვოტა, რომელიც 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 31 მაისამდე მოქმედებს, 18.7 მლნ ტონას შეადგენს. საექსპორტო შეზღუდვების გაგრძელებაზე მუშაობა რუსეთის პრეზიდენტის 2022 წლის დავალებით მიმდინარეობს. საექსპორტო ლიცენზიებს რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო გასცემს. ამასთან, რუსეთში 2026 წლის 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით აზოტოვანი სასუქების ექსპორტი სრულად აკრძალული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები