რუსეთმა სომხეთიდან თევზის იმპორტი სრულად შეზღუდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის გადაწყვეტილებით სომხეთიდან თევზის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვები გაფართოვდა და შეჩერდა კიდევ ორი სომხური საწარმოს პროდუქციის სერტიფიცირება მანამ, სანამ ისინი, "როსელხოზნადზორის" განცხადებით, არ გამოასწორებენ ადრე გამოვლენილ დარღვევებს. ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთიდან რუსეთში ყველანაირი თევზის პროდუქტის იმპორტი შეჩერდა.
საქმე ისაა, რომ „როსსელხოზნადზორის“ გადაწყვეტილებით, 2 ივნისიდან სომხეთს რუსეთში მისაწოდებელი ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქციის ვეტერინარული სერტიფიცირება უნდა შეეწყვიტა. 21-დან 27 მაისამდე რუსული უწყების სპეციალისტებმა სომხური თევზგადამმუშავებელი საწარმოები შეამოწმეს და კალმახის მოსაშენებელ და შესანახ მეურნეობებს ეწვივნენ. საწარმოების დაახლოებით 50%-მა შემოწმებაზე უარი თქვა.
რუსულმა მხარემ სომხეთის კომპეტენტურ ორგანოებს მოსთხოვა, შეეჩერებინათ რუსეთის ფედერაციაში ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქტების მიწოდებისთვის ვეტერინარული სერტიფიკატების გაფორმება ყველა კომპანიისთვის, გარდა იმ ორი საწარმოსი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონტროლი. შეზღუდვები ძალაში ვითარების მოგვარებამდე იქნება.
ამასთან, „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის, კურკოვანი ნაყოფისა და ყურძნის, ასევე თესლოვანი კულტურებისა და ჩირის შეტანაც აკრძალა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფერმერებს იმ გაფუჭებული მოსავლის ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა, რომლის რუსეთში გაგზავნასაც ისინი მოსკოვის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო ვერ შეძლებენ.
ამას წინ უძღოდა 2025 წელს სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღება. მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროული წევრობა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ერევანი საკუთარ დღის წესრიგს ორივე კავშირს მანამდე შეუსაბამებს, სანამ ეს შესაძლებელი იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ სომხეთმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის შესახებ და ასეთ შემთხვევაში „რბილი და ინტელიგენტური განქორწინების“ გზა შესაძლებელი იქნებოდა.




























