10-11 ნოემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის ოთხ ოლქში მდებარე ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანეს, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება შეაფერხა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, სერჰი კორეცკის განცხადებით, დარტყმები ვინიცის, კიროვოჰრადის, ჟიტომირისა და ჩერკასის ოლქებში განხორციელდა, კიროვოჰრადისა და რივნეს ოლქებში კი ელექტროგადამცემი ხაზებიც დაზიანდა.
აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ზედიზედ მეორე შეტევაა, რომლის ფარგლებშიც რუსეთმა ქალაქ კრივი-რიჰში თბომომარაგების ობიექტიც დაბომბა.
სახელმწიფო ენერგოოპერატორ Ukrenergo-ს ცნობით, ელექტროენერგიის გათიშვა დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, კიევის, რივნეს, ხარკოვის, ოდესისა და ჩერნიჰივის ოლქების მომხმარებელთა ნაწილს შეეხო.
ამჟამინდელი მოცემულობით ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის რეჟიმი მოქმედებს. პარალელურად, საავარიო-აღდგენითი ბრიგადები დაზიანებულ ობიექტებზე მუშაობენ, რათა მოსახლეობას ელექტრომომარაგება და კრივი-რიჰის საცხოვრებელ კორპუსებს გათბობა აღუდგინონ.
რაც შეეხება უკრაინის დედაქალაქს, ენერგოინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმებით გამოწვეული დეფიციტის ფონზე, კიევში გარე განათებას დროებით გამორთავენ. მუნიციპალური კომპანია Kyivmisksvitlo-ს განმარტებით, ეს ზომა ელექტროენერგიის დაზოგვასა და ქალაქის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომარაგებას ისახავს მიზნად.
კომპანიაში აზუსტებენ, რომ შეზღუდვა მხოლოდ ქუჩის განათებას ეხება და საცხოვრებელი სახლების ელექტრომომარაგების გრაფიკზე გავლენას არ იქონიებს.
























