7-8 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა უკრაინაში მდებარე აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის კუთვნილი ნავთობბაზა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, ოდესის ოლქში რუსეთმა SOCAR-ის კუთვნილ ნავთობსაწყობზე ხუთი „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის დრონი გაუშვა, რამაც ხანძარი და დიზელის მილსადენის დაზიანება გამოიწვია.
გამოცემა იუწყება, რომ ხანძარი სწრაფად იქნა ლიკვიდირებული, თუმცა SOCAR-ის ოთხი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამ დროისთვის, ზარალის შეფასება და სასწრაფო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„გამოძიების ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ხუთი მართვადი დრონის მიერ განხორციელებული დარტყმების ადგილები ნათლად მიუთითებს, რომ თავდასხმის მთავარი სამიზნე ნავთობის საწყობი იყო“, - განაცხადეს ადგილობრივმა სამართალდამცველებმა.
აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო კვირების განმავლობაში აზერბაიჯანთან დაკავშირებულ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მეორე მიზანმიმართული დარტყმაა. აქამდე, ორლივკასთან, რუმინეთის საზღვართან ახლოს, გაზის გამანაწილებელი სადგური დაიბომბა. აღნიშნული ობიექტი ტრანსბალკანეთის გაზსადენის საკვანძო ნაწილია, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზის უკრაინაში მიწოდება იგეგმება.
რუსეთ-აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაძაბულია. მიზეზი რუსეთში ჩატარებული პოლიციის რეიდებია, რა დროსაც ორი ეთნიკური აზერბაიჯანელი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ დაღუპულები რუსმა სამართალდაცავებმა წამებით მოკლეს.
რუსმა სამართალდაცავებმა 27 ივნისს აზერბაიჯანის მოქალაქეების სახლებში რეიდები ჩაატარეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მძიმედ დაშავდა, 50 პირი კი დააკავეს. მომხდარის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანში რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული დაიბარეს და დამნაშავეების დასჯა მოსთხოვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკატერინბურგში დაკავების ოპერაცია უკავშირდებოდა 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილი მკვლელობებს. თავის მხრივ აზერბაიჯანის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო "რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების წამებასა და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაზე".




























