რუსეთს აფხაზებისგან კიდევ ერთი სადავო "კანონის" მიღება სურს. "რუსეთ-აფხაზეთის მთავრობათაშორისი შეთანხმება" რუსული იურიდიული პირების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების საშუალებას იძლევა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბანკების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები რუსეთთან საინვესტიციო პარტნიორობის შეთანხმების მიღებას ეწინააღმდეგებიან.
"უპირველეს ყოვლისა, ეს შეთანხმება გამიზნულია უცხოელი ოლიგარქებისთვის საგადასახადო გათავისუფლებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათები იწყება ისეთ ინვესტიციებზე, რომლებიც 2 მილიარდი რუბლიდან ან ზევითაა. რისთვის გვჭირდება ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ბიუჯეტს კაპიკს არ შემატებენ?” – განაცხადა ადგურ არძინბამ.
აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ე.წ. პარლამენტის საბიუჯეტო, საკრედიტო ორგანიზაციების, გადასახადებისა და ფინანსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთ-აფხაზეთის მთავრობათაშორისი შეთანხმება საშუალებას იძლევა, აფხაზეთში "სახელმწიფოს" მონაწილეობით გაიხსნას რუსული საკრედიტო ორგანიზაციის ფილიალი. მან ყურადღება გაამახვილა "აფხაზეთის ბანკის შესახებ" ე.წ. კანონზე, რომლის მიხედვითაც, "აფხაზეთის ბანკი" უცხოური ინვესტიციებით საკრედიტო ორგანიზაციებისა და უცხოური ბანკების შვილობილი კომპანიების შექმნაზე ნებართვას გასცემს.
ოზგანის თქმით, დღეს ნებისმიერ რუსულ ბანკს შეუძლია, აფხაზეთში ფილიალი გახსნას.
"ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების პროექტში, რომელსაც დღეს განვიხილავთ, საუბარია რუსული საკრედიტო ორგანიზაციის ფილიალზე სახელმწიფოს მონაწილეობით", – განაცხადა ოზგანმა.