რუსეთი თავის სუვერენიტეტს „ძეხვზე არ გაცვლის“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ პარტიულ შეკრებაზე. ინფორმაციას რუსული RBC ავრცელებს.
„რუსეთს, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, ძეხვის სანაცვლოდ თავისი სუვერენიტეტის მიცემა და ვიღაცის სატელიტად ქცევა არ შეუძლია. რუსეთი სუვერენული უნდა იყოს, სხვაგვარად ის არ იარსებებს“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა პარტიის წევრებს "თანმიმდევრობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა, რადგან პარტიამ პუტინს სახელმწიფოს მეთაურად მისი კანდიდატურის წამოყენებას ერთიანად დაუჭირა მხარი.
„რუსეთის ინტერესებისთვის ერთობლივად ჩვენ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს. ჩვენს წინაშე, გადამეტების გარეშე ისტორიული ამოცანები დგას“, - განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა ამოცანები არ დაუსახელებია.
ის მიიჩნევს, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ „აგრესიის დაწყებისას“ იმედოვნებდა, რომ „დაანგრევდა პოლიტიკურ სისტემას და არეულობას დათესდა“, როგორი მეთოდებიც მისი თქმით, "სხვა ქვეყნებში ფერადი რევოლუციების დროს იყო გამოცდილი, თუმცა თავისუფალ და სუვერენულ რუსეთში, ასეთი რეცეფტები არ მოქმედებს“, - დარწმუნებულია პრეზიდენტი.
ცნობისთვის: „ედინაია როსიამ“ პარტიული ყრილობისას 2024 წლის პრეზიდენტობის კანდიდატად პუტინის წარდგენას მხარი დაუჭირა. ის რუსეთში 15-დან 17 მარტამდე დაგეგმილ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტს მეოთხე ვადით იკავებს. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ კი ის თავის კანდიდატურად კვლავ წამოაყენებს. პრეზიდენტობაზე საკუთარი თავის წარდგენის შესახებ პუტინმა 8 დეკემბერს განაცხადა.