რუსეთის ფედერაციის ოცდაერთ რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელშიც, ჯამურად, მმართველი “ერთიანი რუსეთის” კანდიდატებმა გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ გუბერნატორობის და მათი მოვალეობის შემსრულებლების კანდიდატებს შორის მხოლოდ ორი მიეკუთვნებოდა რუსეთის კომუნისტურ პარტიას, ხოლო დანარჩენი კანდიდატები, სწორედ “ერთიან რუსეთს” წარმოადგენდნენ - წლევანდელ არჩევნებში არც დამოუკიდებელი კანდიდატები არ მონაწილეობდნენ.
განსხვავებული მდგომარეობა იყო თვითმმართველი ერთეულების მერის არჩევნების მიმართულებით, სადაც, კანდიდატების ჩამონათვალი, შედარებით უფრო მრავალფეროვანი იყო. მოსკოვში, მაგალითად, მერის არჩევნებში ქალაქის ამჟამინდელმა მერმა, სერგეი სობიანინმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 76.38% მოაგროვა. მეორე ადგილზე რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი, ლეონიდ ზიუგანოვი გავიდა (8.11%), მესამე ადგილი კი - ვლადიმირ ჟირინოვსკის “ЛДПР”-ის სახელით გამოსულმა, ბორის ჩერნიშოვმა (5.61%) დაიკავა.
რუსეთის რეგიონებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, სადაც “ერთიანმა რუსეთმა” ყველაზე მაღალი პროცენტი დააფიქსირა. დონეცკში ვლადიმირ პუტინის პარტიამ ხმების 78% მიიღო, ლუჰანსკში - 74.6%, ზაპოროჟიეში - 83%, ხერსონის ოლქში კი - 74.8%. მსგავსი შედეგი დაფიქსირდა ანექსირებულ ყირიმშიც, სადაც “ერთიანი რუსეთის” კანდიდატმა, იური ნესტერენკომ ხმათა 70.6% მიიღო.