"რუსული კანონი ნიშნავს იმას, რომ ევროპა არ გვინდა? მცდარი ინფორმაცია გაქვთ. რა თქმა უნდა, მინდა ევროპა", - ამის შესახებ "რუსული კანონის" მხარდამჭერმა დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა BMG-სთან განაცხადა. ეკა სეფაშვილმა "გამჭვირვალობის კანონს" თავიდან რუსული უწოდა, თუმცა შემდეგ განაცხადა:
"რუსული კანონი არ არის. კანონია, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
- როცა გვეუბნებიან, რომ ეს ხელს უშლის ევროინტეგრაციას?
- არ უშლის ხელს, შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ. ეს მონური ფსიქოლოგია რომ მოიშოროთ…
- მე ვარ მონა?
- არა, მონური ფსიქოლოგია რომ მოიშოროთ, კარგი იქნება. თქვენი აზროვნება ხომ გაქვთ? მონა არ გიწოდეთ, მონური ფსიქოლოგია გაქვთ.
- როდესაც ევროკავშირის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ამ კანონით ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებით, თქვენ რის საფუძველზე ხართ დარწმუნებული, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით? ახლა, მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან, მთავრობასთან ურთიერთობების გადახედვას განიხილავს.
- არ გაუარესდება, ყველა დამშვიდდება, ყველა დაწყნარდება. ყველა ნახავს, რომ არავის და არაფერს ზღუდავს [კანონი]. რომ ვამბობთ რუსული კანონიაო, რადგან ეს ვიღაცამ თქვა, არასწორია.
- რუსეთშიც იგივე კანონია.
- არა. რუსულში გაცილებით ბევრი შეზღუდვაა. რუსულში წერია, რომ როდესაც თქვენ ხართ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და უცხოეთიდან რამე მიიღეთ, ახორციელებთ რამე ღონისძიებას, აუცილებლად უნდა მიუთითოთ, რომ თქვენ Иноагент ხართ. ჩვენთან ეს ხომ არ არის?
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი რა არის?
- ტელევიზორში რომ გამოდიხართ, იქ Иноагент ხომ არ გეწერებათ? საფრანგეთმა ხომ მიიღო ეს კანონი?
- რა წერია იმ კანონში?
- საფრანგეთი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, იცით?
- და რა წერია ფრანგულ კანონში? რუსეთი საფრთხე არისო, არ წერია?
- ამერიკაც საფრთხეაო წერია. ამერიკაზე რატომ არ ამახვილებთ ყურადღებას? ამერიკიდან მომდინარეობს საფრთხე, რომელიც შეიძლება დაემუქროს ჩვენს ეკონომიკურ თავისუფლებასო, წერია", - აღნიშნა დეპუტატმა.
როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, "ქართული ოცნება" არცერთ ქვეყანას არ ებრძვის და ურთიერთობები არა აშშ-სთან და ევროკავშირთან, არამედ გლობალური ომის პარტიის აგენტებთან არის გაფუჭებული.
"- გლობალური ომის პარია ვინ არის?
- გლობალური ომის ეს არის სხვადასხვა სამხედრო - სამრეწველო ინტერესების მქონე დიდი კორპორაციების ჯგუფი. მათ ჰყავთ აგენტები, იგივე აშშ-ის დეპარტამენტში, ევროკავშირის მაღალ ეშელონებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ან ევროკავშირს, ან ამერიკას ჩვენთან აქვს ცუდი ურთიერთობა.
- ამ ადამიანებს გავლენა ბაიდენზეც აქვთ?
- შეიძლება.
- ტრამპზე ვერ ექნებათ?
- ტრამპი მოწინააღმდეგეა ომის.
- ერთი ბიძინა ივანიშვილი არ უჯერებს გლობალური ომის პარტიას და მეორე ტრამპი არ დაუჯერებს?
- ფიცო დაგავიწყდათ? კინაღამ მოკვდა.
- გლობალური ომის ესროლა ესროლა და ვერ მოკლა?
- არ ვიცი, ვინ გააკეთა, მაგრამ ფაქტებს თუ ააწყობთ, ერთი სურათი ჩანს. თქვენ რეალურად გჯერათ, რომ საქართველოს ომში ჩართვა არ უნდათ?
- რატომ არ ამბობთ ვის უნდა? ვინ არიან ეს ადამიანები?
- ხატოვნად ვამბობთ, გლობალური ომის პარტიას.
- ვინ არიან? ვისი სახელით გითვლიან, რომ ომი დავიწყოთ?
- უკრაინის მაღალჩინოსნების მოწოდებები გახსოვთ? გონჩარენკო, იცით, რა ცუდი განცხადებებით გამოდის?
- გონჩარენკოს გამო უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭებული უნდა გვქონდეს?
- ვინ გითხრათ, რომ გაფუჭებული გვაქვს? ელჩი პირველმა ვინ გაიწვია? უკრაინამ .
- არ იცით რატომ გაიწვია?
- იმიტომ, რომ ომში არ ჩავერთეთ.
- თუ გლობალური ომის პარტიას უნდა, რომ ომში ჩავერთოთ და მას გავლენა ყველაზე და ყველაფერზე აქვს, საქართველო როგორ გადარჩა?
- ყველაზე და ყველაფერზე, საბედნიეროდ, არ აქვს. ჩვენთან რადიკალურ ოპოზიციაზე გარკვეულწილად აქვს.
რეიტინგები, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, სადაც საქართველოზე პოზიტიური ანგარიშებია, ამაზე გავლენა გლობალური ომის პარტიას არ აქვს. არავითარი დემოკრატიული უკან დახევა არ არის. ეს არის ზეწოლა და შანტაჟი საქართველოსა და უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე და უნდა გავუძლოთ. სხვა გზა არ გვაქვს. ალტერნატივა არის მხოლოდ ომში ჩართვა და ამას ვერ დავუშვებთ", - განაცხადა "რუსული კანონის" მხარდამჭერმა დეპუტატმა bmg-სთან.