2023 წლის 11 თვეში რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იყო. მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 193 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონი დოლარით ნაკლებია. ბრუნვის კლება საქართველოდან რუსული საქონლის შესყიდვის შემცირებას უკავშირდება, ხოლო თავად რუსეთის მიმართულებით ექსპორტში 3%-იანი ზრდაა.
რა საქონელი გაიტანა საქართველომ რუსეთში:
2023 წლის 11 თვეში საქართველოდან რუსეთში 605 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურად $15 მილიონით (3%) მეტია. ექსპორტში წამყვან ადგილებს ღვინო და მსუბუქი ავტომობილები იკავებს. საგულისხმოა, რომ უშუალოდ რუსეთში ექსპორტირებულია 5 ათასამდე ავტომობილი 67 მილიონი დოლარის ღირებულებით, თუმცა უცნობია შუამავალი ქვეყნების გამოყენებით საქართველოდან გასული რა რაოდენობის ავტომობილები აღმოჩნდა საბოლოოდ რუსეთში. მაგალითად მხოლოდ ყირგიზეთში წელს საქართველოდან 600 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა.
1) ღვინოები - $157 მილიონი, 58 ათასი ტონა, ზრდა 5%;
2) მსუბუქი ავტომობილები - $67 მილიონი, 4,963 ცალი ავტომობილი, ზრდა 3%;
3) სპირტიანი სასმელები - $59 მილიონი, 14 ათასი ტონა, ზრდა 34%;
4) გაზირებული შაქრიანი სასმელები - $58 მილიონი, 73 ათასი ტონა, ზრდა 64%;
5) მინერალური და მტკნარი წყლები - $57 მილიონი, 105 ათასი ტონა, ზრდა 22%.
რა შეიძინა საქართველომ რუსეთის ფედერაციისგან?
2023 წლის 11 თვეში საქართველომ 1.59 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული საქონელი შეიძინა, ეს წინა წელთან შედარებით 20 მილიონი დოლარით ნაკლები იყო. კლება ძირითადად ნავთობის ფასის შემცირებას უკავშირდება, რადგანაც წელს საქართველომ შემცირების ნაცვლად უფრო მეტი რუსული საწვავი შეისყიდა, თუმცა თანხობრივად ამ საწვავის საფასური შემცირებული იყო.
1) ნავთობპროდუქტები - $513 მილიონი, 722 ათასი ტონა, კლება წინა წელთან შედარებით თანხობრივად 8%, ზრდა მოცულობის მხრივ 24%;
2) ბუნებრივი აირი - $109 მილიონი, ზრდა წინა წელთან 49%;
3) ხორბალი - $51 მილიონი, 194 ათასი ტონა, კლება წინა წელთან შედარებით 2%;
4) არმატურა - $49 მილიონი, 84 ათასი ტონა, ზრდა წინა წელთან შედარებით 64%;
5) ბოთლები და ბოცები - $45 მილიონი, 96 ათასი ტონა, ზრდა წინა წელთან 25%.