საქართველომ 2023 წლის 10 თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში 580 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.
მიმდინარე წლის 10 თვეში რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ღვინოებია, რომლის ექსპორტმაც 144 მილიონ დოლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 16 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით არის გაზრდილი.
ექსპორტში მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, საქართველოდან წელს რუსეთში სულ 67 მილიონი დოლარის ღირებულების 4,959 ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურად 22%-ით არის გაზრდილი. თუმცა ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების გათვალისწინებით, აგვისტოდან მოყოლებული საქართველოდან რუსეთში ავტოექსპორტი დაეცა. ოქტომბერში რუსეთში მხოლოდ 8 ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, საერთო ღირებულებით 116 ათასი დოლარი.
მესამე პოზიციაზეა მინერალური და მტკნარი წყლები 54 მილიონი დოლარის ოდენობით, ზრდა წინა წელთან შედარებით 35%-ით მეტია, მეოთხე პოზიციაზეა გაზიანი შაქრიანი სასმელები 53 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 82%-ით არის მომატებული, რუსეთში სპირტიანი სასმელების ექსპორტი კი 35%-ით, 50 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ექსპორტის არსებული მაჩვენებლებით, რუსეთმა ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა.