რუსეთის ფედერაციაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად დაჩქარდა და ივნისის მაჩვენებელმა ბოლო 13 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის, Rosstat-ის მონაცემებით, ერთ თვეში ინფლაციის დონემ 0.87%-ით იმატა. არსებული ინფორმაციით, წლიურ ჭრილში ინფლაცია მაისის 5.31%-იანი მაჩვენებლიდან ივნისში 6.01%-მდე გაიზარდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფასების მკვეთრი მატება ქვეყანაში არსებულ საწვავის კრიზისს უკავშირდება, რამაც საერთო ინფლაციურ ფონზე უდიდესი გავლენა იქონია. საშუალოდ, ივნისში ბენზინის ფასი 6.9%-ით, ხოლო დიზელის საწვავის ღირებულება 7.1%-ით გაიზარდა, რაც ბოლო მრავალი წლის განმავლობაში რეკორდული თვიური მატებაა.
ამასთან, საწვავის პარალელურად, ფასები სურსათზეც მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, ბოსტნეულისა და ხილის ღირებულება საშუალოდ 4.2%-ით, შაქრის ფასი 2.6%-ით, ხოლო ხორცისა და ფრინველის პროდუქტების ფასი 1.2%-ით გაიზარდა, რამაც ჯამური კვების პროდუქტების 0.65%-იანი გაძვირება გამოიწვია.




























