მიმდინარე თვეს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 14%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა. უწყების განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ინფლაციის შეკავების სირთულეებია, რაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმებით გამოწვეულმა საწვავის გაძვირებამ და წარმოების სიმძლავრეების დროებითმა შემცირებამ გამოიწვია.
ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის აგვისტოში რუსეთში წლიურმა ინფლაციამ 6.3%-ს მიაღწია, რაც 2025 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც ირკვევა, ქვეყანაში სურსათის ინფლაცია 4.4%-იდან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო არასურსათო საქონლის ღირებულების ზრდამ 6.5% შეადგინა. ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების გამო, სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურება 10.7%-ით გაძვირდა, მომსახურების სექტორის ინფლაციამ კი 7.9%-ს მიაღწია. ამასთან, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.4%-მდე გაიზარდა და ბოლო შვიდი თვის მაქსიმუმს მიაღწია.
რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ საწვავის დეფიციტის ეფექტი მთელ ეკონომიკაზე ვრცელდება. ნაბიულინამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული გახდა ნავთობპროდუქტების იმპორტი გაეზარდა, რამაც ექსპორტის შეფერხებებთან ერთად რუბლის გაუფასურება და ინფლაციური წნეხის გაძლიერება განაპირობა.
ცენტრალურმა ბანკმა წლის ბოლომდე ინფლაციის პროგნოზი 7%-ის ფარგლებში შეინარჩუნა, 2027 წლისთვის კი ფასების ზრდის 4%-იან სამიზნე ნიშნულამდე შემცირებას ელოდება.
ცხადია, მაღალი საპროცენტო განაკვეთების ხანგრძლივი შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აფერხებს, რის გამოც ბიზნესწრეები განაკვეთის შემცირებას ითხოვენ.
მიმდინარე წლისთვის რუსეთის ეკონომიკური ზრდა სტაგნაციურ, 0%-იან ზღვარზეა პროგნოზირებული. ნაბიულინას განმარტებით, მართალია, მშპ-ის ზრდა შეფერხებულია, თუმცა ცენტრალური ბანკის მთავარ ამოცანას ახლა ფასების სტაბილურობა წარმოადგენს, ამიტომ განაკვეთი ისევ მაღალ ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს.
























